LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი თბილი, გემრიელი, საყვარელი სიმღერა გამოვიდა“, – ლაშა ღლონტის სიმღერის პრემიერა

Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ ეთერში ლაშა ღლონტის ახალი სიმღერის „ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“ რადიოპრემიერა გაიმართა. მამუკა ჩარკვიანის მიერ 15 წლის ასაკში შექმნილი სიმღერა ლაშა ღლონტმა „გროს ოქტეტთან” ერთად გააცოცხლა და სრულიად საქართველოს მიუძღვნა.

 

ლაშა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა „რადიოჰოლდინგი ფორტუნას” სახელით, რომ ჩვენს ოთხივე რადიოსთან ასე აქტიურად თანამშრომლობ, განსაკუთრებულად და გამორჩეულად კი რადიო „არ დაიდარდოსთან”, ეს ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან როდესაც გემოვნებიანი ადამიანი, მუსიკოსი, ჩვენს სტუდიას, მიკროფონს ამშვენებს და ამავდროულად ათასობით მსმენელის ყურს ატკბობს, ძალიან დიდი ბედნიერებაა.


ლაშა ღლონტი:

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიყვარს რადიო ”არ დაიდარდო” და მისი მსმენელი. ამ მძიმე ფონზე მინდა რაღაცნაირად მოგესალბუნოთ და მოგეფეროთ ქართული სიმღერით, იმიტომ რომ ქართველი ყოველთცვის მღეროდა, ყოველთვის ეფერებოდა ერთმანეთს და რაც ჩვენ გვჭირს არის უსიყვარულობის ბრალი. მოვეფეროთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ და ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად იქნება. ძალიან მიხარია, რომ დღეს ამის საშუალება მეძლევა, როგორც ყოველთვის „არ დაიდარდოს“ ერთერში, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი ყველა წარმატება ამ რადიოსთან არის დაკავშირებული და ასე იქნება მუდამ…

 

დღეს ახალი სიმღერის პრემიერა გვაქვს, „ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“, როგორც ვიცით ეს სიმღერა მამუკა ჩარკვიანმა 15 წლის ასაკში ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნა, როგორ გაჩნდა იდეა, რომ ახალი ჟღერადობით გაგეცოცხლებინათ?

მინდა ყველა იმ ადამიანს მოვეფერო, ვინც ამ სიმღერის ახალი ვერსიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის მაუკას პირველი სიმღერა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მამუკას ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა ვუთხრა. ამას წინათ ვეხუმრებოდი, „მამუკა, არ შეიძლება ერთი არა ჰიტი დაწერო მეთქი?“. ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვინც სულ ჰიტებს ქმნის და ასეთია მამუკა, რომელიც თავის თავს კომპოზიტორსაც კი არ უწოდებს და უფრო სიმღერების ავტორია. არაჩვეულებრივი და გენიალური სიმღერები, რითაც დღეს შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის მამუკას შემოქმედება. ბატონ ჯანსუღს დიდი მადლობა ასეთი ტექსტებისთვის, სწორედ ასეთი ტექსტებისთვის უნდა დაიწეროს ისეთი სიმღერა, რომელსაც მამუკა წერს.

ამ სიმღერას თავისი ისტორია აქვს, რუსთავში მქონდა სოლოკონცერტი და იქ გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები „გროს ოქტეტი“, რომლებიც ძირითადად ჯაზში მუშაობენ, მათ შემომთავაზეს რაიმე ერთობლივი ნაწარმოების გაკეთება. ბევრს ვფიქრობდი მეც, მაგრამ ბავშვებმა დამასწრეს და მოიტანეს მამუკა ჩარკვიანის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც მე საერთოდ არ ვიცოდი, მომასმენინეს თავიანთი შესრულებით. შემდეგ აღმოჩნდა რომ ამ სიმღერას არაჩვეულებრივად ასრულებდა გიორგი ღოღობერიძე, ანი სირაძე. რადგან ”გროს ოქსტეტი“ მიმაგრებდა ზურგს, გადავწყვიტეთ აბსოლიტურად სხვანაირად გაგვეკეთებინა, მივმართეთ არანჟირების ავტორს და შესანიშნავ კომპოზიტორს მერაბ მამულაშვილს, ადამიანს , რომელსაც გოგი დოლიძესთან აკავშირებს მთელი ცხოვრება. გულით ვიმუშავეთ რასაც ქვია, მადლობა ეკა გამცემლიძეს, რომელმაც მიიღო აქტიური მონაწილეობა ამ სიმღერის შექმნაში. ყველამ ერთად შევუტიეთ ამ სიმღერას და გამოვიდა ისეთი თბილი, გემრიელი, საყვარელი, ჩემთვის ძალიან კომფორტულად სამღერი სიმღერა. იშვიათად მომრგებია ასე სიმღერა, ალბათ ეს ურთიერთობიდან, ქართული სიმღერის სიყვარულიდან, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარეობს . დღეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ასეთი სიმღერა, ლირიული, რომანტიული, მოსაფერებელი, ჩასახუტებელი. ნამდვილად კარგ დროს ხდება ამ სიმღერის პრემიერა, ჩვენი სიმღერა ბევრ რამეს გადაწყვეტს მე ასე ვფიქრობ.

შევეხოთ სამომავლო გეგმებს…

39 სოლოკონცერტი ჩავატარე საქართველოს რეგიონებში, ფინანსურად არავინ არ შეგვიწუხებია, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც ადამიანს შეიძლება ლუკმა პურის ფული არ ჰქონდეს, მაგრამ შენს კონცერტზე მაინც მოვიდეს. შეღავათიან ფასად გავყიდეთ ბილეთები, გვინდოდა ყველას ესიამოვნა, ყველგან სავსე იყო დარბაზი. მე პირობა მივეცი ჩვენს მოსახლეობას, რომ ქართული სიმღერით გავაერთიანებდით ჩვენს ქვეყანას და ასეც იქნება. ხალხში ძალიან დიდი მუხტია , ძალიან დიდი სიყვარული და სიკეთე დევს , მე ამაში დავრწმუნდი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2 დეკემბერს ვაშინგტონში, 7 დეკემბერს ფილადელფიაში, 8 დეკემბერს კი , ჩემს დაბადების დღეზე , ნიუ-იორკში მაქვს სოლოკონცერტი. მინდა მოვიკითხო სრულიად მსოფლიოს ქართული ემიგრაცია, მე ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი და უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ ადამიანების მიმათ. ვიცი, რომ ისინი „არ დაიდარდოს“ ხშირად უსმენენ. ქედი მინდა მათ წინაშე მოვიხარო, ძალიან რთულია, ბევრს შრომობენ, ენატრებათ, ცრემლმოდენილი ბევრი მინახავს და მე ყოველთვის მათი მხარდამჭერი და გვერდში მდგომი ვიქნები.

მადლობა სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებებს, ხმაბედნიერი ყოფილიყოს თქვენი ახალი სიმღერა ჩვენს ტალღაზე…

უღრმესი მადლობა შანსისთვის, რომ შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოვეფეროთ საქართველოს ამ შესანიშნავი სიმღერით და მადლობა მამუკა ჩარკვიანს კიდევ ერთხელ…

ლაშა ღლონტი – ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ

AudioLASHA GLONTI – CHEMI KHAR TU SXVISI KHAR

პრემიერა. აუდიოჩანაწერი

AudioPremiera. Lasha Glonti29.10


ფოტოები

Ardaidardo.Ge

 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge