„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია ნოდარ ბურდილაძის მიმართ დანაშაულის ჩადენაში, ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, არც კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ პირს, გია მეტრეველს არასდროს ჰქონიათ შეხება „ქართულ ოცნებასთან“.მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამორალური განცხადებებისგან, რადგან ტყუილს აქვს მოკლე ფეხები.
„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ, ყოვლად ამორალურ განცხადებას. წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენელმა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ონში. მინდა, ვიდრე ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ნოდარ ბურდილაძეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება, რათა ის გამოჯანმრთელდეს, რაც შეიძლება მალე და დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იცრუა, როცა თქვა, რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ „ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ნოდარ ბურდილაძეს თავს „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი დაესხა და ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენა.
