LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ჩხუბში მონაწილეებს აშველებდა, რაც ვიდეომასალაში ნათლად ჩანს – თბილისის საკრებულო

დედაქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ფიგურანტი თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებდა, რაც გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს.

„გვინდა ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოვეხმაუროთ, რომელშიც თბილისის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი ფიგურირებს. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მიუღებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საკრებულოს თანამშრომელი ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებს.

დავით მაჭავარიანი თბილისის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციებზე, 2007 წლიდან მუშაობს. იგი გაწონასწორებული, მშვიდი და წესიერი ადამიანია.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ თბილისის საკრებულო გადაწყვეტილებას მხოლოდ კანონის შესაბამისად და არა კერძო პირების მოთხოვნებიდან გამომდინარე მიიღებს“, – აღნიშნულია თბილისის საკრებულოს განცხადებაში.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.