„რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან,“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ამით მეზვრიშვილი შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს და რომელიც პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
„მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებით, რეალურად რა კანონპროექტთან გვქონდა საქმე. მოვისმინეთ ისიც, რომ თითქოს რაღაცის ლეგალიზაციასაც ვახდენდით; ან მთავრობა ისევ კულტივაციის თემას დაუბრუნდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს გახლავთ მოხმარებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების საკითხებს აქცევს მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში და პირდაპირ გვეუბნება – სად არის აკრძალული მარიხუანას მოხმარება. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, კანონი უკვე მივიღეთ. ეხლა გარკვეული პროცედურები არსებობს – პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. ამისთვის პრეზიდენტს კანონით 10-დღიანი ვადა აქვს და გამოქვეყნებისთანავე ეს კანონი შევა ძალაში,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კანონით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კიდევ სხვა მრავალ შემთხვევაში.
„21 წლამდე ასაკის პირები მარიხუანას ვერ მოიხმარენ, ეს დაისჯება ადმინისტრაციული წესით. 21 წლამდე ასაკის პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების – ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იგულისხმება – დაისჯება სისხლის სამართლის წესით,“ – დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.
