LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხდომების გაცდენის შემთხვევაში, დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ

ახალი რეგლამენტის მიხედვით, თუ დეპუტატი პარლამენტის პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, მას უფლებამოსილება შეუწყდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენების პრობლემებს.

რეგლამენტი 16 დეკემბრიდან ამოქმედდება.

„ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება. როგორც მოგეხსენებათ, გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს, აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები და ამით დაიძლევა გაცდენებთან დაკავშირებული პრობლემა.

„ასევე, „ეთიკის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედავთ, რომ ხშირად ირღვევა ნომრები, ხორციელდება პროვოკაციები. ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე აღარ ვიცი, მერამდენედ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის სურათი, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ მოგვწონს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.