LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიიდან ამერიკული ჯარების სრულად გაყვანის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში ადასტურებენ

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ დაიწყეს ჯარების გაყვანა სირიიდან, რადგან ასრულებენ იმ ტერიტორიის დაკავების კამპანიას, რომლებსაც მანამდე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ იკავებდა. „ჩვენ დავიწყეთ შეერთებული შტატების ჯარების შინ დაბრუნების პროცესი, რადგან გადავდივართ კამპანიის მომდევნო ეტაპზე“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის შესახებ. ინფორმაცია „ბლუმბერგმა“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ოთხშაბათს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.