ეგვიპტეში, კაიროს ტურისტულ რეგიონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა 40 რადიკალის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ BBC-ი ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მასშტაბური სპეცოპერაცია კაიროში გიზისა და ჩრდილოეთ სინაის რეგიონებში ჩატარდა.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, ისინი მასშტაბური თავდასხმების მოწყობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე გეგმავდნენ. მათი სამიზნე სახელმწიფო უწყებები, შეიარაღებული ძალები, ქრისტიანული სალოცავები და ტურისტული ზონები იყო.
ეგვიპტელი ძალოვანები არ აკონკრეტებენ, რომელი ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან მოკლულები.
კაიროში, გიზის რაიონში აფეთქება 28 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ვიეტნამელი ტურისტების ავტობუსი ტერორისტებმა პირამიდებიდან 4 კილომეტრში ააფეთქეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 11 კი მძიმედ დაშავდა.
