პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტი უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ კი, 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა.
მაჭავარიანის განცხადებით, 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი უკვე დასახელებულ პირობებს აკმაყოფილებს. მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს.
„ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა,ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი „ქართუს“ კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ, შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
