რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი ცეცხლნასროლი დაზიანების მიყენების მომენტში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ვერ ადგენენ. ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟუნრალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ეროვნული ბიუროს ექსპერტები დასკვნაში უტყუარად დადასტურებულ ფაქტად წერენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი ვიზირების ხაზის ქვემოთ იყო, რომელიც იყო ბალიშზე ოდნავ წამოწეული, ხოლო სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. ადვოკატი განმარტავს, რომ მსგავსი დასკვნით შეეცადნენ, საქმისთვის კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეეძინათ.
“ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა და სრულად შეჯამდა საქმის მასალები, ყველა კვლევა, ყველა ექსპერტიზა, რაც საქმის მასალებში იყო. კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი ცეცხლნასროლი დაზიანების მიყენების მომენტში, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა – მაია ნიკოლეიშვილმა და ზაზა ალთუნაშვილმა პირდაპირ გასცეს, სადაც ვიზირების ხაზი დააფიქსირეს. ვიზირების ხაზი გულისხმობს მსროლელიდან ლოგინის ფრაგმენტზე გასულ სწორ ხაზს. მაია ნიკოლეიშვილის და ზაზა ალთუნაშვილის დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ანუ თავი იყო ლოგინის ქვეშ, მისი სხეულის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის გასწვრივ. ხოლო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ.
“თუმცა, უტყუარად დადასტურებულს თვლიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ლოგინის თავთან, ანუ თავის მდგომარეობას ზუსტად გვიდგენენ, თუმცა, სად იყო მისი სხეული, ვგულისხმობ ფეხს, ტანს, გულ-მკერდს, მარცხნივ იყო გადახრილი თუ მარჯვნივ, ამას ვერ ადგენენ. თუმცა, მთავარი ფაქტია, სად იყო თავი, თუ სხეული მოძრაობს, პირველ რიგში თავს წამოწევდა წინააღმდეგობის გასაწევად,” – აცხადებს კუბლაშვილი.
ის პროკურატურას და საქმის მწარმოებელ გამომძიებელს მოუწოდებს, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და იმ ექსპერტების დასკვნას დაეყრდნონ, რომლებმაც სროლისას მაჩალიკაშვილის სხეულის მდგომარეობა განსაზღვრეს.
“სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს პირდაპირ უნდა დაეწერათ ის, რაც გაბედეს და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაწერეს. საბედნიეროდ, გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ვერ განადგურდა და ვერ შეიცვალა, ეს არის ლოგინის თავი, სადაც პირდაპირ არის დაზიანება,” – აცხადებს კუბლაშვილი
