LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალების განულების სიაში მყოფებს თანხის დაფარვას სთხოვენ – რა ხარვეზებია პროექტში

 „რევოლუციური“ პროექტი ვალების განულებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ხელისფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 9 დღით ადრე მიიღო, 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა წლის ბოლო დღეს ფინანსთა მინისტრმა პროგრამის დასრულების კიდევ 15 დღით გახანგრძლივების შესახებ განაცხადა. ივანე მაჭავარიანმა მიზეზად, იმ საფიფნანსო ორგანიზაციების პროცესში ჩართვა დაასახელა, რომელთაც ჯერ ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. მთავრობისა და ფონდი „ქართუს“ ერთობლივი პროექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება თავიდანვე არა ერთ ექსეპრტსა და პოლიტიკოსს ჰქონდა, პროექტის დასრულებამდე კი, მათ რიგებს თავად ის ადამიანებიც შეემატნენ, ვისაც უშუალოდ ვალები უნდა განულებოდა.  

გიორგი ადამია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი სახელი და გვარი vali.ge– ზე სიაში ნახა, თუმცა რამდენიმე დღეში მას სესხის ამომღები კომპანიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მას ეს სესხი უნდა დაეფარა.

„ვივუსი“-დან ავიღე 650 ლარი. სესხი რამდენჯერმე გადავავადე 3 თვის განმავლობაში,  თუმცა შემდეგ  უსამსახუროდ დავრჩი და გადახდა ვეღარ  შევძელი. ძალიან  ხშირად რეკავდენენ გრაფიკებზე, მეუბნებოდნენ თანხას გადაგინაწილებთო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ ვმუშაობდი, ვერფარს ვიხდიდი  და ახლა,  როდესაც სია დაიდო, ვნახე რომ მეც ვიყავი,  თუმცა რამდენიმე  დღის შემდეგ მირეკავდნენ სესხის ამომღები კომპანიიდან და თანხის შეტანას მთხოვდნენ,“ – აღნიშნა გიორგი ადამიამ  რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

გიორგის მსგავსად, პრობლემები შეექმნა ათობით ადამიანს, რომლებმაც სხვადასხვა საინფრომაციო სააგენტოს მისწერეს. ისინი ყვებიან, რომ ვალის განულების პროგრამაში მოხვდნენ, თუმცა, სესხის ამომღები კომპანიები მათ ჩამოწერილი ვალის გადახდას მაინც სთხოვენ, შესაბამისად მათ ვერ გაარკვიეს ჩამოეწერათ თუ არა ვალი. მათ არც ის იციან, რა უნდა მოიმოქმედონ იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის ამომღები კომპანია მათ ვალის დაბრუნებას სთხოვს.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ საკანონმდებლო ორგანშო ამ პროექტთან და მის ხარვეზებთან დაკავშრებით. „პატრიოტთა ალიანსის“  წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ პროგრამის იდეა კარგია, თუმცა აღსრულებაში მას ბევრი ხარვეზი და პრობლემა აქვს. დავით ჭიჭინაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად მასაც ბევრმა ადამიანმა მიმართა, რომელთაც სესხის ამომღები კომპანიები ურეკავენ და ვალის დაფარვას სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალის განულების სიაში არიან.

„მეც ძალიან ბევრმა ადამიანმა მომმართა, რომლებიც დაბნეულები არიან. ისეთ ვალებზე არის საუაბრი, ზოგი იხდიდა და იმ ვალების გადაგზავნა ხდება ან  გადაუხდელი  ვალების უკან მოთხოვნა და რაღაც გაუგებრობაა. ციფრების გაზრდა ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში მიკროსაფინანსო კომპანიებმა სასამართლოს სასწრაფოდ ამოღების წესით მიმართეს, თუ ამის ოდნავი წინაპირობა მაინც ქონდათ. ამიტომ, სერიოზული გაუგებრობა გამოიწვია ბევრ ადამიანში. თავისთავად პროგრამა კარგია, მაგრამ  მარტო გამოცხადება არ ყოფნის ამას და  მას უნდა მიყოლა და კონტროლი. ძალიან ბევრ ადამიანს ალბათ, უსამართლობის განცდა დარჩება და  ეს ძალიან ცუდია. ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება სარგებელი, თუმცა ბევრ ადამიანს შერჩევითობის პრინციპის განცდა დარჩება, რომ უბრალოდ ვიღაცას გაუკეთეს და ვიღაცას არა. როდესაც ასეთი პროგრამა ცხადდება, მას სჭირდება გარკვეული კონტროლი, წესები, მექმანზმი და გარკვეული ვალდებულებაც უნდა არსებობდეს,  რომ ამ მიკროსაფინანსოებმა მიიღონ მონაწილეობა. ან უნდა მომხდარიყო  გამოსყიდვა პირდაპირ „ქართუს“ მიერ და  შესაბამისად, იმათთან აღარაფერი არ უნდა დარჩენილიყო.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ  რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრისგან განსხვავებით, პროექტის ხარვეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს. რომან კაკულია რადიო „ფორტუნასთნ“ საუბარში ამბობს, რომ სიებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო.

„მე ვარ პარლამენტში კომიტეტის  თავმჯდომარე, მაგას თავისი ტექნიკური  საკითხები აქვს, ასე დეტალები, სანამ რაღაც ტენდენციად არ ჩამოყალიბდა, არ ვიცი.  ამ საკითხზე პირველად მესმის თქვენგან და იქნებ სჯობდეს, ვინც არის უშუალოდ  განმახორციელებელი, იმასთან მოიკითხოთ. ამ წუთას არ მაქვს ინფორმაცია, ეს დეტალები არ ვიცი  ასე, ვინ გაიპარა სიაში და ვინ არა.  ცხადაია ცუდია, მაგრამ  მე ეს ინფორმაცია არ მაქვს,“ –  აცხადებს რომან კაულია.

რადიო „ფორტუნამ“ პროექტის უშუალო განმახორციელებელთან „ფონდ ქართუსთან“ არა ერთხელ სცადა დაკავშირება, თუმცა პასუხი მიღება ამ დრომდე არ მოხერხდა.

პროექტის იდეას სკეპტიკურად აფასებენ საბანკო და საფინანსო  ექსპერტთა წრეებში. საბანკო ექსპერტი დავით კიკვიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ეს პროექტი  ფინანსურად გამართლებული არ არის და ის პოლიტიკური გადაწყევტილებაა.

„ზოგადად პროგრამით რომ დავიწყოთ, არც თუ ისე სწორი საქციელია, არც ფინანსური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, არანაირად გამართლებული არ არის. ეს არის ჩვეულებრივი სუბსიდირება, რაც რეალურად არასწორია. კიდევ კარგი, სახელმწიფო ბიუჯეტით არ ხდება და ამას კერძო ფონდი აფინანსებს, თუმცა  ამ თანხის სწორი დაბანდება გაცილებით ეფექტიანი და შედეგიანი იქნებოდა ეკონომიკისთვის, თუმცა  ამას სულ სხვა პოლიტიკური დატვირთვა აქვს, გვსემის,“ – განაცხადა საბანკო საკითხებში ექსპერტმა დავით კიკვიძემ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაუაზრებელ და წინასაარჩევნოდ სპონტანურად გადაწყვეტილ პროგრამას უწოდებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ვალების განულების პროექტს. მისი თქმით, პროექტი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გამოცხადებულიყო, როდესაც სახელმწიფო ყველა კომპანიასთან შესაბამის კონტრაქტს გააფორმებდა.

„ვფიქრობ, ყველა კომპანია, რომელსაც ქონდა ეს ურთიერთობები ამ მევალეებთან, თავის გადაწყვეტილებებს იღებს. ერთია, კეთილი ნება, რომელიღაც ფონდის, მაგრამ მეორეა, თანხმდება თუ არა ესა თუ ის კომპანია იმ პირობებს, რასაც მას სთავაზობენ.   ჩვენ ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ამ ვალებს მთლიანად ფარავს ეს ფონდი, რომელზეც არის საუბარი, სახელმწიფოსთან ერთად. აქ ლაპარაკია გარკვეულ  პირობებზე, ზოგიერთ შემთხვევაში. კრიტერიუმს შესაძლოა, აკმაყოფილებდნენ მოქალაქეები,  მაგრამ თვითონ კომპანიები, ვისთანაც მათ ურთიერთობა აქვთ, არ არიან თანახმა ამ პირობებზე. ფაქტობრივად კომპანიას ვერავინ აიძულებს, რომ ვალი ჩამოაწეროს ან მიიღოს რაღაცა მცირე კომპენსაცია ვალის ჩამოწერაში. ეს დირექტიულად ხომ არ ხდება და აი აქ არის კონფლიქტი ზუსტად ამ კომპანიებსა და გაცხადებულ პროექტს შორის. ეს პროექტი იყო წინასაარჩევნო, იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, სპონტანურად ძალიან ნაჩქარევად დაწყებული და ბუნებრივია, გაუგებრობებს გამოიწვევდა და ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ,“  – განმარტავს გია ხუხაშვილი რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

საქართველოს ხელისუფლებისა და ფონდ „ქართუს“ პროექტი 15 დეკემბერს დაიწყო და ვადის გადაწევის გამო, 31 დეკემბრის ნაცვლად, 15 იანვარს დასრულდება. ხელისუფლების ეს ინიციატივა დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს შეეხება, ანუ სესხი გაუნულდებათ მხოლოდ მათ, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული გადაუხდელი ვალი 2 ათას ლარამდე აქვს. ბოლო მონაცამების მიხედვით, რომელიც 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა, ვალების განულების ვებ-პორტალ „vali.ge“-ზე  604 797 მსესხებლის ინფორმაციაა განთავსებული, რომელთა სესხების რაოდენობა 1 302 750-ს შეადგენს, ჩამოწერილი დავალიანების ჯამური თანხა კი, თითქმის 4 მილიარდ ლარს აღწევს.

 

ნინი ჩუბინიძე