LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებაში თანამდებობრივი გადაადგილებები სასამართლოს თემას არ უკავშირდება” – კობახიძე

“ოცნებაში თანამდებობრივი გადაადგილებები სასამართლოს თემას არ უკავშირდება ” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და ადასტურებს, რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი.მეტიც, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ეკა ბესელიას დაწინაურება და დეპუტატის ვიცე სპიკერად გადაყვანა იგეგმებოდა.

„ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, ვთქვით რა გადაწყვეტილებები იყო დაახლოებით მიღებული და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. ეს თანამდებობრივი გადაადგილება არც მაშინ და არც ახლა არანაირ კავშირში არ იყო სასამართლოს თემასთან. იყო საერთოდ სხვა სირთულეები, გახსოვთ რა სირთულეებიც იყო გუნდში“, – განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთახის მოწყობის შესახებ დავალება სექტემბერში მიიღო.

„სექტემბერში მივიღეთ დავალება ხელმძღვანელობისგან, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის მოგვეძია შესაბამისი ფართი და მოგვეწყო. ფართის მოძიების შემდეგ, მივიღეთ დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო. ამ დავალების მიღების დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო ეკა ბესელიასთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო და გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

დატოვებს თუ არა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკა ბესელია და შეიქმნება თუ არა ახალი ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში მისი ხელმძღვანელობით –  ეს ჯერჯერობით უცნობია.

ეკა ბესელია მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბარს საქართელოში დაბრუნდების შემდეგ აპირებს.