ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზირებული 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ოთარ ჩილაშვილს სავარაუდოდ, გრიპის ვირუსი გაურთულდა. თუმცა, დამატებითი კვლევებით უნდა დაზუსტდეს, არის თუ არა ეს ვირუსი H1N1 შტამის.
ახალგაზრდა მამაკაცი კი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ოჯახის წევრების თქმით, ის რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს გადმოიყვანეს. ოთარ ჩილაშვილის მამა, გია ჩილაშვილი საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. გია ჩილაშვილის მტკიცებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების უყურადღებობის გამო გაუარესდა.
„უმძიმესზე უმძიმესი მდგომარეობაა, დაშლილი აქვს ყველა ორგანო სხეულში, ფაქტობრივად, მკვდარიაო და სიკვდილის თქმა მოერიდათ და მითხრეს, რომ უმძიმესია… ადამიანი მოვიყვანე მეთქი, ჩემი შვილი, თავისი ხელით გაიხადა მეთქი, არაფერი არ სჭირდა, მარტო ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და მე მკვდარს მატანთმეთქი, რა ვქნათო, ეს სიტყვებია ჩვენი ცხოვრება? ეს არის სერგეენკოს დალაგებული ჯანდაცვა? არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს, სიცხე არ დაუწიეს, 5 იანვრიდან მოყოლებული მაღალი სიცხე ჰქონდა. სრული უყურადღებობა, სრული უსუსურობა გამოიჩინეს,“ – ამბობს გია ჩილაშვილი.
ოთარ ჩილაშვილის ოჯახის წევრები, ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ მათი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა კლინიკა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
ჯანდაცვის სამინისტრო კი, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძოს. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, 8 იანვრიდან კი კლინიკები 24 საათიან რეჟიმში გადავლენ.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, მაღალი სიცხისა და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
