LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, რისთვისაც მზად ვართ – ირაკლი კობახიძე

გარკვეული სირთულეები არის და ეს დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მმართველ პარტიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, დიალოგისთვის მზად არის.

„როდესაც არის გარკვეული სირთულეები, ეს დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ,“ – განაცხადა კობახიძემ.

საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამაც და აღნიშნა, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

“გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ? – ამაზე ვისაუბრებ,” – ასე პასუხობს მედიის კითხვას ეკა ბესელია მის მიერ მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ.

მისივე თქმით, დეტალებზე მედიასთან დღეს ისაუბრებს. ამასთან, როგორც ბესელიამ აღნიშნა, ბევრი თანამოაზრე ჰყავს.

დაახლოებით ორი კვირაა ირაკლი კობახიძესა და ეკა ბესელიას შორის ურთიერთობა დაძაბულია, რასაც წინ უძღოდა ბესელიას განცხადება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  წარდგენილი კანდიდატების გამო დატოვა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაგეგმილი და ამას მოსამართლეობის კანდიდატებთან არავითარი კავშირი არ აქვს.