LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირებიც დაჯარიმდებიან

დღეიდან დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაშია ნათქვამი, 8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება.

„8 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომელიც ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება. მხოლოდ ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება.

8 იანვრიდან ასევე ძალაში შედის მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსის ცნობით, მოქალაქეებისგან იღებენ ინფორმაციებს, რომ დაწესებულებებში, რომლებშიც მხოლოდ დაცვის ან „ფეის-კონტროლის“ შედეგად შეიძლება შესვლა, შიდა სივრცეში მოწევა თვითნებურად დაშვებულია.

მოქალაქეების მხრიდან გვაქვს ინფორმაციები დამრღვევი კაფე-ბარების, რესტორნების და ღამის კლუბების შესახებ, რომელთა სივრცეში მხოლოდ დაცვის ან „ფეის-კონტროლის“ შედეგად შეიძლება შესვლა, შიდა სივრცეში მოწევა თვითნებურად დაშვებულია და თუ არამწეველი სტუმარი აპროტესტებს, ადმინისტრაცია უცხადებს, რომ მათ მოწევის უფლება ნაყიდი აქვთ. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი კანონი არ ცნობს მსგავს მცნებას ან ლიცენზიას, მოწევის უფლება არ იყიდება.