დიდთოვლობასა და ამინდის გაუარესებას ევროპაში 12 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი, ალპებში თოვლში ჩარჩა. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.
ზვავის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. ამ ქვეყნის ხელისუფლებების განცხადებით, გადაუღებელი თოვა ახალი ზვავების ჩამოწოლის რისკს კიდევ უფრო გაზრდის.
საბერძნეთში მოსული დიდი თოვლის შედეგად, დახურულია სკოლები. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ავსტრიაში ასობით ადამიანი ჩახერგილი გზების გამო სახლებს ვერ ტოვებს, ზოგიერთ რეგიონში კი არ აქვთ ელექტროენერგია, რადგან ელექტროსადენები ხეების წაქცევის შედეგად დაზიანდა.
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ გერმანიაში თოვლის გაძლიერებას, ჩრდილოეთში კი შტორმულ ამინდს ელოდებიან. ნიდერლანდებში, ამსტერდამის აეროპორტში მგზავრები 160-მდე რეისის დაგვიანების შესახებ გააფრთხილეს.
