აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალების გასაიდუმლოების თაობაზე და აცხადებს, რომ „არაფერს ინახავს საიდუმლოდ“.
ტრამპმა ეს კომენტარი ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგასთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას საკუთარი ადმინისტრაციასაც კი არ უზიარებს.
გაზეთი წერს, რომ 2017 წელს ჰამბურგში პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტრამპმა ჩანაწერები ჩამოართვა თარჯიმანს და იმავე პირს დაავალა, რომ არ განეხილა საუბრის შინაარსი სხვა თანამდებობის პირებთან.
ტრამპი აცხადებს, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისევე, როგორც სხვა პრეზიდენტები კოლეგებთან შეხვედრის დროს.
„ჩვენ ვისაუბრეთ ისრაელის გარშემო, ისრაელის უსაფრთხოებასა და მრავალ სხვა საკითხებზე. მე არაფერს ვმალავ. ეს იმდენად სასაცილოა, რომ ამაზე სულ არ ვღელავ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
