რუსეთმა რუმინეთი ჩაანაცვლა და 2018 წელს საქართვეოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, გასულ წელს ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1098,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,1 ათასი ტონით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (1095,8 ათასი ტონა). მათ შორის, 2018 წლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 542,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 556,9 ათასი ტონა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციითვე, გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან – 292,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს. კავშირში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც რუმინეთი ჩაანაცვლა.
თუ საწვავის სახეობების მიხედვით ჩავშლით, 2018 წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან – 217,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,1%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 174,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ მიუხედავად იმპორტის ზრდისა, რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა, ის მცირედით შემცირდა კიდეც. ამ ყველაფერს კი , კავშირის ცნობით, ხელს უწყობს სატრანსპორტო პარკის ყოველწლიური ზრდა.
