კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო და მარგო რობი შეასრულებენ, წლის ყველაზე რეზონანსული პროექტია. ინტერნეტში თითქმის ყოველდღე ვრცელდება ახალი ფოტოები გადასაღები მოედნიდან. ამჯერადაც კვლავ უჩვეულოდ ახალგაზრდულად გამოიყურება ბრედ პიტი, ასევე პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი და თავად კვენტინ ტარანტინოც.
ცნობისთვის, მათ გარდა ფილმში ალ პაჩინოს, დაკოტა ფენინგს, ლინა დანემს, ტიმ როთს, მაიკლ მადსენს, მაია ჰოუკს, კურტ რასელსა და სხვებს ვიხილავთ.
რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, „ერთხელ ჰოლივუდში“ სერიული მკვლელის, ჩარლი მენსონის ისტორიას გვიყვება, სადაც დიკაპრიო ვესტერნის ჟანრის ვარსკვლავის, რიკ დალტონის, პიტი კი მისი დუბლიორის, კლიფ ბუტის როლს ასრულებს. სცენარის მიხედვით, პიტისა და დიკაპრიოს გმირები იმ საზარელი მკვლელობის მოწმეები ხდებიან, რომელსაც მენსონის სექტა ჩაიდენს. რაც შეეხება მარგო რობის, ის მსახიობ შერონ ტეილის როლში გვევლინება, რომელიც მენსონის სექტის მსხვერპლი გახდა.
ფილმის გამოსვლის თარიღად 2019 წლის 9 აგვისტო სახელდება.








