25 იანვარს „რადიო დუეტს“ გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ წამყვანი გიორგი გასვიანი და მომღერალი ლიზა ყენია სტუმრობდნენ, რომელთაც ერთობლივი ნამუშევარის – ცნობილი სიმღერის „მიმღერე რამე“ ახალი ვერსია წარმოადგინეს.
გიორგი, როგორ გაჩნდა ახალი პროექტის შექმნის იდეა?
პროექტი „პრაიმ-შოუს“ და პირველ რიგში ანრი ჯოხაძის წყალობით შეიქმნა და ძალიან საინტერესო გამოვიდა. როცა შეთავაზება მივიღე, ცოტა ავღელვდი, რადგან ცნობილ მომღერალთან, აუცილებლად ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად უნდა მემღერა და არ ვიცოდი, როგორ მოვერგებოდი ახალ როლს, რამდენად შევძლებდი ღირსეული პარტნიორობის გაწევას. მართალია, გარკვეული ვოკალური გამოცდილება მაქვს, მაგრამ მარტოს ან დუეტში არასდროს მიმღერია და ძალიან გამოხარდა, როცა გავიგე, რომ ჩემი მეწყვილე სწორედ ლიზა იქნებოდა, რომელიც საოცარად სექსუალური, იშვიათი შარმის, არაჩვეულებრივი არტისტიზმის და ვოკალის პატრონია. ლიზას შოუზე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მივაკითხე, გამოსვლისთვის ემზადებოდა, ბრწყინვალე ფორმაში იყო და ცოტა მომერიდა მეთქვა, რომ ერთად უნდა გვემღერა.
ლიზა, როგორ შეხვდით გიორგის შეთავაზებას?
რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ყოველთვის საინტერესოა ახალ პროექტზე მუშაობა, რადგან არასდროს იცი, როგორი გამოვა საბოლოო ნამუშევარი. სიმღერის ჩაწერა ანრის მივანდეთ, სწორედ მან იზრუნა არანჟირებასა და კლიპის გადაღებაზე. სხვათაშორის, ანრი ის იშვიათი ადამიანია, ვისაც სტუდია საკუთარ სახლში, პირდაპირ საძინებელში აქვს მოწყობილი.

გიორგი, თქვენმა თაყვანისმცემელმა როგორ შეაფასა ახალი ნამუშევარი?
მართალია, ბატონი გოგი ცაბაძის სიმღერა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ ჩვენი ვერსია აბსოლუტურად განსხვავდება, არანაკლებ საინტრესო გამოვიდა კლიპიც, რომელშიც ლიზა რესპონდენტის სახით სტუმრობს „სიცრუის დეტექტორს“, მე კი, რა თქმა უნდა წამყვანი ვარ და სტუდიაში ვხვდები. კლიპის ფოტო სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ და ბევრმა ჩათვალა, რომ ლიზა სიმართლის სათქმელად, უზარმაზარი საიდუმლოს გასამხელად ეწვია გადაცემას. ვფიქრობ, ბრწყინვალედ შედგა კლიპის ტელეპრემიერა და მაყურებლისთვის ერთგვარ საახალწლო საჩუქრადაც იქცა.
სამომავლოდ რა გეგმები გავქვთ, მორიგი დიუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ?
(გიორგი გასვიანი) მუსიკალური კარიერის გაგრძელებას ნამდვილად არ ვგეგმავ, თუმცა საახალწლო პროექტებში გამონაკლისის სახით შესაძლოა ისევ მოვსინჯო საკუთარი შესაძლებლობები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ანრის, მთელ „პრაიმ-შოუს“ და რა თქმა უნდა ლიზას, რადგან ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა მასთან ერთად მუშაობა.
(ლიზა ყენია) ვფიქრობ, ჩვენი დუეტის წარმატება და სიმღერის პოპულარობა პირველ რიგში მაყურებლის დამსახურებაა, რომელმაც დადებითად შეაფასა ჩვენი ნამუშევარი და მთელი გულით შეიყვარა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – ახალ ალბომზე ვმუშაობ, რომელშიც ქართულთან ერთად ინგლისური სიმღერებიც გაერთიანდება. იმედი მაქვს, საინტერესო ნამუშევარი გამოვა და მსმენელიც მოიწონებს.
გიორგი გასვიანი და ლიზა ყენია – იმღერე რამე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი გასვიანი და ლიზა ყენია. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



