ევროკავშირის 5 ქვეყანა მზადაა მიიღოს 47 მიგრანტი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის საზღვრებთან გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია “Sea Watch”-ის ხომალდის ეკიპაჟის წევრებმა გადაარჩინეს. როგორც იტალიური პრესა იუწყება, გერმანიამ, საფრანგეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა და მალტამ იტალიის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესთან თავიანთი მზადყოფნა დააფიქსირეს.
მანამდე, იტალიის ხელისუფლება დათანხმდა, გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაციის გემი თავის ნავსადგურში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეშვა, თუ ევროპის ქვეყნები ხომალდზე მყოფ მიგრანტებს მიიღებდნენ. უკვე კვირა-ნახევარია, რაც გემი ხმელთაშუა ზღვაში, სირაკუზასა და სიცილიასთან ახლოს იმყოფება.
თავის მხრივ, საქველმოქმედო ფონდი Sea Watch-ი მიესალმა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იტალიის ხელისუფლება დაავალდებულა გემზე მყოფი მიგრანტები საკვებით, წყლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველეყო. ამავე გადაწყვეტილებით, ხომალდზე მყოფმა 15-მა არასრულწლოვანმა საჭირო კონსულტაცია უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს აზრით, იტალია ვალდებულია მიგრანტები ქვეყანაში შეუშვას.
