LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის #30-ში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად არ მომხდარა – „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

პეკინის გამზირზე დღეს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ პეკინის 30 ნომერში არ მომხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პეკინის გამზირზე ხანძარი გაზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. ინციდენტი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში მოხდა.

ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.