ქუთაისის აეროპორტიდან 6 ახალი მიმართულება ემატება. ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი და ბარი – ეს ის მსხვილი ევროპული ქალაქებია, საითკენაც ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air-ი განახორციელებს. ავიამიმოსვლა 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაავრცელა.
„ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქუთაისის აეროპორტიდან 1 აგვისტოდან 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად, დამატებით მივიღებთ ეკონომიკაში 100 მლნ დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს“-აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, უნგრული „ლოუკოსტერი” Wizz Air საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამავე წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად, Wizz Air ქუთაისიდან პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს ასრულებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით.
