შემოგვაქვს სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, საუბარია ახალი პროფესიის შეძენაზე, თვითრეალიზაციასა და განვითარებაზე.
„ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებშიც გვაქვს დიდი დეფიციტი და ამავე დროს, იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაჭირდება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მეცნიერებაზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სათანადო ადგილი ეთმობა რეფორმაში.
„რეფორმა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და მეცნიერების დაფინანსების ზრდას. მნიშვნელოვნად წავახალისებთ ახალგაზრდა მეცნიერებს.
წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
