ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დათო სარალიძის მამის მოთხოვნას, გენერალურ პროკურორთან შეხვედრასთან დაკავშირებით, პროკურატურა ეხმურება. როგორც რადიო “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, ისინი მუდმივად მზად არიან კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ დაზარალებულ და ბრალდებულ პირთან. თუმცა, პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ როგორც წესი, ამ სახის შეხვედრები ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული ქმედებით სრულდება.
“საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ დაზარალებულ და ბრალდებულ პირთან. როგორც თავად აღნიშნავს, ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა სურს სამ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, აქედან ერთ-ერთში დაზარალებულია, მეორეში დაინტერესებული მხარე, მესამე საქმეზე კი ბრალდებული. სამივე საქმის პროკურორი მზად არის მასთან შესახვედრად, თუმცა როგორც წესი, ამ სახის შეხვედრები ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული ქმედებით სრულდება,” – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
უწყებეში ასევე განმარტავენ, რომ ზაზა სარალიძის გენერალურ პროკურორთან შეხვედრა შედგა, სადაც მას შალვა თადუმაძემ განუმარტა, რომ საქმეზე, გამონაკლისის გარეშე, პასუხისგებაში მიეცემა ყველა პირი, ვის მიმართაც შეგროვდება ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა.
“აქვე შეგახსენებთ, რომ ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში, საქართველოს გენერალური პროკურატურა კი მასზე საპროცესო მხარდაჭერას ახორციელებს. მეორე საქმე, რომელზეც ზაზა სარალიძეს სურს გენერალური პროკურორთან საუბარი, როგორც თავად აღნიშნავს, არის „კარვების საქმე“. ამ საქმეს იძიებს შსს-ს გენერალური ინსპექცია. მესამე საქმეზე კი, სადაც ზაზა სარალიძე ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, სასამართლოში მინდინარეობს განხილვა და მორიგი პროცესი ჩანიშნულია 8 თებერვალს. ზაზა სარალიძეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეხვდეს საქმის პროკურორს, თუ ეს შეხვედრა იქნება ნაყოფიერი, საქმიანი და ზაზა სარალიძის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას არ ექნება ადგილი,” – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
