,საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება“ – ამის შესახებ დეპუტატებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა აღებული ვალდებულებების შესრულება შეძლოს.
„უშუალოდ მთავრობა არის ამ პროექტით დაინტერესებული. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის განხორციელებას, კითხვები იყო გზასთან დაკავშირებითაც, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებაა. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენგან ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, რომ უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც აქვს აღებული,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტის წევრებს სამინისტროს მუშაობის ერთწლიანი ანგარიში გააცნო და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ოპოზიციის მთავარი შეკითხვები ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმის თქმა, რომ ტენდერებში მთლიანად უცხოური კომპანიები იმარჯვებენ, არ შეიძლება, რადგან მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებს პრაქტიკულად, 100%ს ქართული კომპანიები ახორციელებენ.ცქიტიშვილის განაცხდებით, უცხოურ კომპანიებთან სატენდერო მოთხოვნებში ჩადებულია, რომ არაკვალიფიციური მუშა ძალა 70-80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე დაასაქმონ.
