“ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება. ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ და ყველას ვურჩევ ემოციურ ფონზე არ გააკეთონ განცხადებები” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას. კითხვაზე, იყო თუ არა გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდიდან ცალკეული წევრების გარიცხვაზე საუბარი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე იმჯელეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გუნდის ერთიანობის შენარჩუნება.
მართლსაჯულების სისტემის მიზეზით დაწყებულ უთანხმოებას პარტიიდან ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის წასვლა მოყვა , გადაწყვეტილება ოფიციალურად არ განუცხადებია გედევან ფოფხაძეს, თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფოფხაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მას უკვე მიმართა.
“ქართული ოცნების” უკვე ყოფილი წევრია ბექა ნაცვლიშვილი, რომელსაც თანაგუნდელებთან აზრთა სხვადასხვაობა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ჰქონდა.
უკვე ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის წევრებთან ოფისში შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს, თუმცა ეს არ იქნება ფრაქციის გაფართოებული შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარე მცირე ჯგუფს შეხვდება.
