„გასულ კვირაში CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კლავს!“ – ამის შესახებ ყაზტრანსგაზ-თბილისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, სამგორის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გადაღებულია კადრები, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული. ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს.
შემოწმებისას ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი, დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის” ცნობით ბინის მეპატრონეების დაუდევრობით, გასულ კვირაში თბილისში CO-თი ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი გაფრთხილებთ სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით. CO ბუნებრივ გაზზე საშიშია, CO კლავს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
