საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას 27 თებერვალს პარლამენტის წევრებმა მიმართეს და უთხრეს, რომ სამსახურის მეილზე სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მიიღეს.
საუბარია “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაგზავნილ პორნო ლინკზე, რომლის მიზანიც იყო იმის გარკვევა, მიმართავდნენ თუ არა დეპუტატები პოლიციას.
სამინისტროში ამბობენ, რომ ვიდეო პოლიციამ ჩამოტვირთა და დაადგინა, რომ კადრები პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემებს არ შეიცავდა.
„მიმდინარე წლის 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურეობრივ მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეო ფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან – პორნოდან,“ – ამბობენ უწყებაში.
„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენმა დეპუტატმა მიმართა პოლიციას აღნიშნული ვიდეოს თაობაზე, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე დამატებით ინფორმაციას არ გასცემენ.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძემ დეპუტატებს “ფეიქ” ექაუნთით გაუგზავნა ვიდეო სახელად “პოლიტიკოსების ჯგუფური სექსი”. შემდეგ კი, გამოაქვეყნა სქრინი, სადაც ჩანს, რომ ერთერთმა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ვიდეო ბმულიდან გადაიწერა.
მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ზურა ჯაფარიძის პროვოკაციული ქმედების მიზანი მისთვის გასაგებია, თუმცა ჯაფარიძეს მიმართავს, რომ ეს პოზიცია ისე დააფიქსიროს, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოს. ის გირჩის ლიდერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ფოტო: რადიო თავისუფლება
