LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსცენდენტალი რომანოზი, რომლის ნამუშევრებიც ბიორკის და დევიდ ლინჩის კოლექციებშია

გადაცემის ლაივი LIVE

26 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ტრანსცენდენტალი მხატვარი რომანოზი სტუმრობდა, რომლის ნამუშევრებს სიამოვნებით იძენენ მსოფლიოს ცნობილი კოლექციონერები დევიდ ლინჩისა და ბიორკის ჩათვლით.

– ბატონო რომანოზ, როგორ გაიცანით დევიდ ლინჩი?

– 2008 წელს დევიდ ლინჩმა ტრანსცენდენტალური მედიტაციის განვითარების ფონდი დაარსა, რომელმაც მსოფლიო ელიტა გააერთიანა, 2017 წლის ბოლოს კი, საქართველოშიც   ჩამოვიდა. სწორედ მაშინ შეიტყო ლინჩის თანაშემწემ ჩემს შესახებ და ძალიან გაუკვირდა, რომ აღმოაჩინა, რომ საქართველოში ტრანსცენდენტალი მხატვარი ცხოვრებდა, რომელიც ძალიან ინტენსიურად მუშაობდა და პერსონალურ გამოფენებს აწყობდა.

– რამდენადაც ვიცი, სწორედ თქვენ ბრძანდებით ტრანსცენდენტალური მხავრობის ფუძემდებელი?

– გეთანხმებით, მსოფლიოში ამ მიმდინარეობას ანალოგი არ აქვს, მხოლოდ მე ვმუშაობ ჩემს გუნდთან ერთად, ამიტომ გასაკვრია არაა, რომ ჩვენი საქმიანობით ლინჩიც დაინტერესდა, პირადად მიმიწვია და ჩემი ნამუშევარი „შინაგანი იმპერია“ შეიძინა.  მე და დევიდს საერთო ინტერესები გვაქვს, რადგან ის ტრანსცენდენტალური მედიტაციის, მე კი, ხელოვნების განვითარებას და მთელ მსოფლიოში გავრცელებას ვცდილობ. ასე რომ, გამორიცხული არაა, მომავალში საერთო პროექტებზეც ვიმუშავოთ.

– ზოგადად, რას ნიშნავს ტრანსცენდენტალური ხელოვნება?

– სიტყვა „ტრანსცენდენტალური“ საზღვრებს მიღმა გასულს ნიშნავს, ტრანსცენდენტალური ხელოვნება კი, აქამდე არსებული ყველა ვიზუალური ფორმის საზღვარების დანგრევას გულისხმობს. ბევრი მიმდინარეობას სიურრეალიზმს ამსგავსებს, თუმცა სიურრეალიზმი მხოლოდ რეალურ საგნებს ასახავს, ტრანსცენდენტალური ხელოვნება კი, მართალია, ირეალური განზომილება, მაგრამ ძალიან რეალური და ცოცხალი ხელოვნებაა.

– საინტერესოა, როგორ მოხვდა თქვენი ნამუშევარი ბიორკის კოლექციაში?

– ბიორკი SOU ფესტივალს სტუმრობდა, რომლის მოწყობაში მეც ვმონაწილეობდი, რადგან მის ფუძემდებელს, ჩემს მეგობარს სანდრო ლომინაშვილს ვეხმარებოდი. სწორედ მაშინ ვუსახსოვრე ბიორკს ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი, ძალიან მინდოდა საჩუქრის გაკეთება, რადგან დიდ პატივს ვცემ როგორც მუსიკოსს და თვლი, რომ სწორედ მისი გავლენით შეიქმნა ჩემი შემოქმედება.

– როგორც ვიცი, მეტად საინტერესო პროექტზე მუშაობთ, რომლითაც BBC და CNN დაინტერესდა…

– ერთი წლის წინ ჩემს გუნდთან ერთად პროექტი „გამოფენა კოსმოსში“ შევიმუშავე, რომელიც სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე, სტრატოსფეროში გულისხმობს ექპოზიციის მოწყობას. ძალიან ინტენსიურად ვემზადებით, რადგან პროექტი, რომელშიც BBC-სა და CNN-თან ერთად, ცნობილი პერსონებიც მიიღებენ მონაწილეობას, ზაფხულში აიღებს სტარტს ბათუმიდან. გარდა ამისა, ტრანსცენდენტალური ხელოვნების მუზეუმის შექმნას ვგეგმავ, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.

– საქართველოში რამდენად ინტერესდებიან თქვენი შემოქმედებით?

– რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა უკვე შეიძინა ჩემი ნახატები, თუმცა ძირითადად მაინც უცხოელები ინტერესდებიან.

– მსოფლიო პოპულარობის მიუხედავად, მაინც არ გეგმავთ საზღვარგარეთ გადაბარგებას…

– ვფიქრობ, თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობ, მთავარია, რამდენად მნიშვნელოვანია შენი საქმიანობა მსოფლიოსთვის. მართალია, პერიოდულად ვმოგზაურობ საზღვარგარეთ, მაგრამ ყოველთვის უკან ვბრუნდები, რადგან მირჩევნია საქართველოში გაკეთდეს ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს პოპულარობას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი