LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე უკვე დარბაზში ვარ” – სააკაშვილი რომში ემიგრანტებს ხვდება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი, რიგით მესამე შეხვედრას ემიგრანტებთან, დღეს მართავს. ადგილობრივი დროით 1-ელ საათზე, თბილისის დროით კი 4 საათზე, შეხვედრა ოფიციალურად დაიწყება, მანამდე კი, როგორც სააკაშვილი წერს, ის ცალკეულ ჯგუფებთან მართავს შეხვედრებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რომში მასთან შესახვედრად საინტერესო ხალხია ჩასული.

ასევე, ლიეჟში გამართული შეხვედრის გამოცდილების გამო, სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიცია რომში უმაღლეს დონეზე მუშაობს.

“რომში პოლიცია განსხვავებით ლიეჟისგან, მართლა უმაღლეს დონეზე მუშაობს. ჯერჯერობით იდეალური წესრიგია ჩვენი შეხვედრის ადგილის გარშემო. მე უკვე დარბაზში ვარ და დავიწყე ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრა. მართლა ძალიან საინტერესო ხალხია ჩამოსული, ველოდები მაგარ დისკუსიას,” – წერს სააკაშვილი.

შეხვედრის ორგანიზატორმა, ემიგრანტების მოძრაობის “ერთად სახლში” აქტივისტმა, გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი იმაზე მეტმა ემიგრანტმა გამოთქვა, ვიდრე ამას ორგანიზატორები ელოდნენ, სწორედ ამიტომ სასტუმროში დამატებითი დარბაზი აიღეს.

სააკაშვილთან შეხვედრა, რომის რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო  palazzo Naiado-ში იმართება.