5 მარტს რადიო „ფორტუნამ“ და თათა სადრაძის გადაცემამ „არტ-FM“ პროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს, მომღერალს ოთო ნემსაძეს უმასპინძლა, რომელიც სულ მალე წარსდგება ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს სახელით.
– ოთო, რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა გამარჯვება?
– უძლიერესი კონკურენტები მყავდა, თუმცა, ძალიან მოვინდომე და მაქსიმუმი გავაკეთე გამარჯვების მოსაპოვებლად. ვფიქრობ, კონკურსის ყველა მონაწილე იმსახურებდა საქართველოს ევროვიზიაზე წარდგენას, თუმცა საბოლოოდ სწორედ მე მერგო ეს პატივი.
– კონკურსში თქვენი ძმაც მონაწილეობდა. როგორ მიიღეთ მისი დამრცხება?
– ძალიან განვიცადე, როცა ბესომ პროექტი დატოვა, რადგან მას უფრო ვგულშემატკივრობდი, ვიდრე საკუთარ თავს.
– რამდენად დაგეხმარათ მეუღლის მხარდაჭერა გამარჯვების მოპოვებაში?
– მართლაც უზარმაზარი სამუშაო გასწია სოფომ, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას და ძალიან მეხმარება.
– მორიგი დუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ სოფოსთან?
– ამჯერად ძმასთან ერთად ვგეგმავ მუშაობას, მანამდე კი, ახალი ალბომი გამოვა და რამდენმე კონცერტსაც მოვაწყობ.
– ისე ემოციურად აღნიშნეთ წარმატება, რომ ხელის ტრავმაც მიიღეთ?
– საბედნიეროდ, მსუბუქად დავშავდი და ექიმის დახმარებაც ნაკლებად დამჭირდა. ვფიქრობ, როცა გიყვარს საკუთარი საქმე და მთელი გულით აკეთებ, ტკივილს ნაკლებად აქცევ ყურადღებას.

– როგორ ემზადებით ევროვიზიისთვის?
– რამდენიმე დღეში თელავივში მივემგზავრები, სადაც ქართული დიასპორა დამხვდება. ძალიან მიხარია, რომ უამრავი ემიგრანტი მწერს და გამოხატავს საკუთარ სიმპათიას. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და მათთან ერთად სხვებსაც შევახსენო, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათ მხარდაჭერას ევროვიზიაზე, სადაც სიმღერას „სულ წინ იარე“ შევასრულებ.
– ისე შევეჩვიეთ თქვენს გამარჯვებებს, გვჯერა ევროვიზიაზეც წარმატებას მოიპოვებთ. თავად როგორ აფასებთ გამარჯვების შანსებს?
– ევროვიზია ძალიან სპეციფიკური კონკურსია, სადაც უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს წარმატებას, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ღირსეულად წარსადგენად.
– ისრაელში გამგზავრებამდე საქართველოში ხომ არ გეგმავთ კონცერტის გამართვას?
– 8 მარტს ბათუმში მოვაწყობ კონცერტს, რომელზეც ქალბატონებთან ერთად ყველა ჩემს თაყვანისმცემელს ვუმასპინძლებ სიამოვნებით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
