დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა უცხოეთში მისი პირველი ვიზიტები მიმოიხილა. მისი თქმით, ის ჯერ ევროკავშირსა და ნატოს ესტუმრა, შემდეგ ევროპის წამყვან ქვეყნებს, ასევე შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს, ქართველ სამხედროებს. ის ასევე იმყოფებოდა აზერბაიჯანში.
“დავიწყებ უცხოეთში პირველი ვიზიტების მიმოხილვით, რამაც უფრო მეტად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ ვიზიტების თანმიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატო-ს ვესტუმრე, შემდეგ ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს, საფრანგეთსა და გერმანიას.
როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში ასევე შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს. ჩვენს რეგიონში კი, პირველი ვიზიტით მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს ვეწვიე და ვერ დავივიწყებ კახში ისტორიული ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას. ყველგან მიღების დონე, სითბო, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც მკაფიოდ იყო გამოხატული, განპირობებული არის დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება.
„ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა 27 ქვეყანას საგანგებოდ მიმართა და შესთავაზა ახალი ევროპის კონცეფცია – „ყველასთვის ღია ევროპა“, რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს. იგი გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ „სხვადასხვა სიჩქარით“ წინ მიმავალ ევროპაში. ასეთ გზაზე ნაწილობრივ უკვე ვდგავართ, – გავხდით მთელი რიგი პროგრამებისა და ფორმატების მონაწილე და მივისწრაფით სხვა მიმართულებებში ჩართვისკენ. ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ „შესვლის“ გამოცდილება გვაქვს განათლების, უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ვართ ევროპოლის სრულყოფილი წევრი. ვითხოვთ, რომ საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროპის კულტურულ სივრცეში. ჩვენ მიმართ მაღალია მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან, რათა გაითვალისწინონ ჩვენი, როგორც ასოცირებულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული წევრის, განსაკუთრებული პოზიცია. ამ მზადყოფნის დასტურია ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული ჩვენი გზავნილი – „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა – საქართველოში“, – აღნიშნა საპარლამენტო გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
