LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მოვემზადებით არჩევნებისთვის – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტიაში ჩემი დაბრუნების მთავარი გზავნილი არის ის, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაძლიერების პროცესი დაიწყება.

„პარტიაში დაიწყება პროცესი, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს პარტიას და ჩვენ მოვემზადებით არჩევნებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა შესაძლოა, მთაწმინდის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, პარლამენტში შესვლის შემდეგ კი, დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სწორედ ღარიბაშვილით ჩანაცვლების საკითხი დადგეს, ყოფილმა პრემიერმა კატეგორიულად აღნიშნა, რომ კენჭისყრას არ აპირებს.

“მე გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ ასეთი რამ მოხდეს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. მმარველი გუნდის პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი.