LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე სიმღერა და ახალი პროექტი მოვამზადეთ” – „სეიშენი“

გადაცემის ლაივი LIVE

5 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ჯგუფი „სეიშენი“ სტუმრობდა, რომლის წევრებმა ლევან წვერავამ და ჯიმი ფხაკაძემ ახალ პროექტზე ისაუბრეს.

– ლევან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდით სცენას. რატომ გადაწყვიტეთ პირველი კონცერტის ქუთაისში გამართვა?

– ქუთაისი ჩვენი მშობლიური ქალაქია, თითქმის 20 წლის წინ, როცა ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, სწორედ ქუთაისში შედგა ჩვენი დებიუტი, იქ მიღებული ემოცია და მუხტი კი, მოგვიანებით საკუთარი თავისა და შემოქმედების თბილისში რეალიზებაში დაგვეხმარა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ახალ პროექტისთვის მზადებისას, რომელიც განახლებული „სეიშენის“ წარდგენას გულისხმობს, ისევ ჩვენი ქალაქიდან ავიღებთ სტარტს.

– ჯიმი, რა სიახლეს შესთავაზებს განახლებული „სეიშენი“ თაყვანისმცემელს?

– მართალია, სამწლიანი პაუზა გვქონდა, თუმცა უსაქმოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ.  რამდენიმე სიმღერა და ახალი პროექტი მოვამზადეთ, რომლის იდეა ლევან წვერავას ეკუთვნის, სწორედ მან შეამზადა ქუთაისური პუბლიკა ჩვენი დაბრუნებისთვის. სულ მალე ახალ ალბომს გამოვუშვებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო გამოვა, რადგან ჩვენც გავიზარდეთ და ჩვენმა შემოქმედებამაც განიცადა გარკვეული ტრანსფორმაცია.

– უცხოეთში ხომ არ გეგმავთ გასტროლებით გამგზავრებას?

– (ჯიმი ფხაკაძე) ნებისმიერ სცენაზე სიამოვნებით გამოვალთ, სადაც ქართველი მსმენელი და ჩვენი შემოქმედების დამფასებელი იქნება.

– (ლევან წვერავა) უამრავი ქართველი ემიგრანტია საზღვარგარეთ, რომელთაც განსაკუთრებით ენატრებათ ქართული მუსიკა. პირველ რიგში, სწორედ ისინი გვინდა გავახაროთ ძველი, კარგად ნაცნობი და აბსოლუტურად ახალი სიმღერებით, რომლებიც ერთ ალბომში მოიყრის თავს.

– ჯიმი, რა სტილის სიმღერები მოხვდა ახალ ალბომში?

– ახალ ალბოში 12 სიმღერა შევიდა, რომელთაგან ნაწილი ჩვენ გვეკუთვნის, ნაწილს კი, ცნობილ მომღერლებს „დავესესხეთ“, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით ჩავწერეთ. ამასთანავე,  30-მდე ახალი ნამუშევარი გვაქვს, რომელთა უმეტესობა აუცილებლად გახდება ჰიტი. იძულებითი პაუზა მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ და ახლა, სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება გვინდა პუბლიკისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი