უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვის შეარჩევს პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატატობის კანდიდატებად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შუალედურ არჩევნებსა და პარტიის შესაძლო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ადასტურებდა თუ არა კახა კალაძე ზუგდიდის მაჟორიტარად ირაკლი ჩიქოვანის, ხოლო მთაწმინდის მაჟორიტარად ლადო კახაძის კანდიდატების განხილვას.
„ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება, თქვენ იცით, რომ არა მხოლოდ ამ ორ ოლქში იქნება არჩევნები, არის სხვა მუნიციპალიტეტები და ოლქები, სადაც ასევე ჩატარდება არჩევნები. შესაბამისად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება შერჩეული და წარდგენილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“. პიროვნულად საუბარი გამიჭირდება. რაც შეეხება კითხვას, თუ რა ნიშნით შეირჩევიან კანდიდატები, მთავარია იყვნენ პროფესიონალები, წაადგნენ ქვეყანას და ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობის კეთილგანწყობა ჰქონდეთ“-განაცხადა კახა კალაძემ.
თემაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. კონკრეტულ პიროვნებას ამ ეტაპზე ვერც ის ასახელებს.
„ჯერ ვერ დაგიდასტურებთ რაიმე სახის ინფორმაციას, თუმცა ძალიან ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ადამიანი უჭერდა მხარს ქალბატონ სალომეს და ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის რანგში იმყოფებოდა, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას უფლებამოსილება შეუწყდა.
შუალედური არჩევნები გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.
