LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვქონდა დრო, როცა ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს – წულუკიანი გოცირიძეს

“ბატონო რომან, ამან ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა და თუ არ გეწყინებათ გეტყვით: გვქონდა წარსულში დრო, როცა ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და არ ვიცი, რამდენად კარგი აზრია” – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“„რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, მე არ ვიცი რატომ უნდა მოვიხადო თქვენ მაგივრად ბოდიში, მაგრამ თქვენ ოპოზიცია ხართ, მე ხელისუფლება და ალბათ განვმარტავ ამას, რომ ეს არ იყო ყაზახი ხალხის დაცინვა, უბრალოდ ჩემი დაცინვა გინდოდათ და დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს. იუსტიციის სამინისტროსო, გაიქილიკა ბატონმა რომანმა. თან თქვენ რომ იცოდეთ, მე როგორ დიდ პატივს გცემთ, ასე არ მომექცეოდით, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე ბატონო რომან. თქვენ ბრძანეთ, ხომ არ მივბაძოთ ნაზარბაევს, ნურსულთანი რომ დაარქვა ასტანას, იუსტიციის სამინისტროსაც დავარქვათ თეაო. მე არ ვიცი ახლა ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ, კაცია და გუნება, ვფიქრობ, რომ არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ, გააკეთეთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ იცით, რა არის ბატონო რომან, ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა ამან და არ ვიცი, თუ არ გეწყინებათ გეტყვით. ჩვენ გვქონდა წარსულში დრო, მე როდესაც ბავშვი ვიყავი, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და „გოციკოები“ დაარქვეს და არ ვიცი, რამდენად კარგი აზრია. ცოტაც გავიცინოთ, ხომ შეიძლება?“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში თეა წულუკიანი მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მინისტრის აღნიშნული პასუხი რომან გოცირიძის დღევანდელ განაცხადებას მოყვა, როცა დეპუტატმა თქვა, რომ : “დღეს მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს “თავბრუდამხვევი წარმატებებისა”, იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან, იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ თეა”