LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი” – აქტივისტმა პრემიერსა და პრეზიდენტს სპექტაკლის დასასრულს პროკლამაციები გადააყარა

“დაიცავი ძველი ბათუმი”, “ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი” ამ შინაარსის მქონე პროკლამაციები სპექტაკლის დასრულების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მესამე იარუსიდან გადაყარა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილ საპრემიერო სპექტაკლს პრემიერ-მინისტრი  პრეზიდენტთან  ერთად ესწრებოდა.

ლოჟაში სალომე ზურაბიშვილთან და მამუკა ბახტაძესთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ისხდნენ.

ძველი ბათუმის დაცვის ზონის ამოქმედებას მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი ძველი ბათუმი” და საზოგადოება “ბათომი” 2016 წლიდან ითხოვენ, ბოლო პერიოდში კი გამოსვლები და აქციები ინტენსიური გახდა.
მოქალაქეები ქალაქის ქაოსურად განაშენიანებას, სანაპირო ზოლში ცათამჯენების მშენებლობას, ისტორიული და კულტურული ურბანული ქსოვილის განადგურებას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფას აპროტესტებენ. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კი ისტორიული დაცვის ზონის შემოღებას ითხოვენ, რომელიც უზრუნველყოფს ამ ზონაში მშენებლობის რეგულაციების დაწესებას.