LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხლაპუშკა აუფეთქეთ, რომ შეეშინდეს და წავიდესო: სააკაშვილი ივანიშვილ-პატარკაციშვილზე, გირგვლიანზე, დემოკრატიაზე, მომავალზე…

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გეგმებზე საუბრობს. მან „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ყველა იმ მთავარ საკითხზე ისაუბრა, რაზეც საზოგადოებას შეკითხვები აქვს, მათ შორის: გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეებზე, ფარულ ჩანაწერებზე, დღევანდელ ხელისუფლებასა და საკუთარ გეგმებზე როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. რადიო „ფორტუნა“ მიხეილ სააკაშვილის “რუსთავი 2”-სადმი მიცემული ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს თემატურად გთავაზობთ.

 

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე:

„საქართველო გააბანძეს ბოლომდე. ივანიშვილს თავის თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, თავისი ფასი იცის. უნდა, რომ ყველა  გააბანძოს, ან ყველა თავის დონეზე ჩამოიყვანოს, ან ქვეყნიდან გააძევოს. მე გეტყვით, რას მეუბნებოდა პატარკაციშვილზე ივანიშვილი. სულ ამბობდა, რომ ძაან საშიშიაო. ითხოვდა, „ხლაპუშკა“ აუფეთქეთ ერთი-ორი მანქანის ქვეშ, რომ შეეშინდეს და ქვეყნიდან წავიდესო. ადამიანი რომ ამას გეუბნება, იმას აქვს კრიმინალის ფსიქოლოგია. უნდა გაგვეშვა ქვეყნიდან. ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი საერთოდ არ იხდიდა ეს კაცი გადასახადებს; მეორე – ესაა კაცი, რომელიც იყო რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე. მე არასდროს არავის ციხეში ჩასმის მომხრე არ ვიყავი, ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გაგვეშვა ქვეყნიდან. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. ამ მასშტაბის საფრთხე არც პატარა ქვეყანას, არც დიდს არ შეუძლია აიტანოს. ივანიშვილი 2009 წელს აქციების მთავარი დამფინანსებელი იყო. შსს- ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ აღარ ვიყავით ფორმაში, ერთხელ პატარკაციშვილმა კინაღამ მოგვინელა და მეორედ კიდევ დიდ ბრძოლაში ჩართვის თავი აღარ გქვონდა“.

 ბადრი პატარკაციშვილზე:

„როცა ვარდების რევოლუცია მოხდა, არასტაბილურად ვგრძნობდით თავს, ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონოდა. მივადექი პატარკაციშვილს, რომელიც არასდროს მწყალობდა, სხვა პოლიტიკოსებს აძლევდა ფულს. არათუ ფულს არ გვაძლევდა, გვებრძოდა აქტიურად. მივადექი, საპრეზიდენტო კანდიდატი ვარ, მინდა რომ გავიცნო, დაველაპარაკო. ძაან გაბრაზებული დამხვდა, მე მინდა გარანტიებიო. პატარკაციშვილის მთელი ფული ნაშოვნი იყო რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო ყოფნით“.

 

ზვიად გამსახურდიაზე:

ზვიად გამსახურდია იყო იდეალისტი და თავდაუზოგავად უყვარდა სამშობლო. საქართველოში, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, იდეალიზმი ყველაზე საშიში მოვლენაა. ჩვენ რა გვაერთიანებს ზვიადთან ყველაზე მეტად – ორივე გიჟებად გამოგვაცხადეს“.

 

მიხეილ სააკაშვილი ფარულ ჩანაწერებზე:

„ყველაზე მეტად დავიშოკე… არასოდეს, ჩემს დროს, არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა. რატომ არ გასულა? ძაან მარტივია. შეიძლება ვიღაც იღებდა, მე რა ვიცი, მაგის გაკონტროლება შეუძლებელია. არცერთ დონეზე, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. თუ ვიღაც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობს, ეს არსად კონტროლდება. 2005 წელს რუსეთთან რომ დაგვეძაბა სიტუაცია, რუსეთის აგენტურა ძალიან გააქტიურდა. მოვიდა ჩემთან ჩვენი ძალოვნების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თქვა, რომ ჩვენმა ბიჭმა რუსეთს გრუ-ს მოქმედი ოფიცერი ქალი გაიცნო, რომელთანაც ქნა ყველაფერი, თან გადაიღო, აგერ კადრები გვაქვსო და ეს ქალი იქნება ჩვენი ინფორმატორიო. მე ვუთხარი, რომ გაანადგურეთ დაუყოვნებლივ-მეთქი. ჩვენ არ ვიყენებთ პირად ცხოვრებას საქართველოს მტრების წინააღმდეგაც კი.

ნიკა გვარამია: რომ გაგეგოთ, ბესელია ჩაწერეს?..

მიხეილ სააკაშვილი:  თავს მოვაძრობდი ყველას, ვინც ჩაწერა. იმიტომ რომ ჩემთვის პრინციპია, რომ ეს არ კეთდება, ამიტომ არასდროს გამოსულა ეს ჩვენ დროს.

 

სააკაშვილი გირგვლიანზე, რობაქიძესა და გახმაურებულ საქმეებზე:

იყო ეტაპები, მაგ. როცა აფრასიძეები გვყავდა სვანეთში, იგივე ვაზაგაშვილის და კორტების ოპერაცია. სხვა რა გამოსავალი იყო. ახლა ბრაზილიაში ქუჩაში დახოცა პოლიციამ რამდენიმე ასეული კრიმინალი. სხვადასხვა ქვეყნებს ამის ეტაპები აქვს. დღეს აღარ არის ამის დრო საქართველოში.

ეს იყო შეცდომა, ვანოს არგადაყენება. მაშინ ვაპირებდი მის გადაყენებას, მაგრამ ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ ასეთ სიტუაციაში არ შეიძლებოდა. ეს იყო გაუფრთხილებელი მკვლელობა. ის ხალხი დაიჭირეს ყველა, ვინც მონაწილეობდა. ეს ხალხი როგორ იპოვეს დეტალები ვიცი, სატელეფონო ანძებით, ამას ვერ გააყალბებდი. ეს ადამიანები მე არ შემიწყალებია.

ნიკა გვარამია: გაუნახევრეთ…

მიხეილ სააკაშვილი: კი, იმიტომ რომ ესენი სამხედროები იყვნენ.

ნიკა გვარამია: რატომ თქვა სტრასბურგმა, რომ ორკესტრირებული იყო ეს ყველაფერი?

მიხეილ სააკაშვილი: იმიტომ რომ წულუკიანმა დაწერა დასკვნა. ის მუშაობდა და მან დაწერა. ამ დასკვნას წულუკიანი წერდა და მას პირადი დაინტერესება ჰქონდა. რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში სულ ხდება.

ნიკა გვარამია: მაგრამ ის არ ხდება, რომ ავტომატები ჩადონ მერე იმ მანქანაში…

მიხეილ სააკაშვილი: ვინ მოგახსენათ, ძალიან ხშირად ხდება. ეს არის სრული იდიოტიზმი. ხშირად ამბობენ, მიშამ დამიჭირა, სააკაშვილმა ჩამსვა. ძალიან ბევრგან ხდება, პოლიციამ ჩაუდო იარაღი. პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. საქართველოში, სადაც გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი იყო, რას მოვთხოვთ ხალხს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყო. გამოუცდელი ვიყავით. გავა წლები და სასაცილოდ მოგვეჩენება. ეს არის ხელოვნურად გაბერილი თემები. არ აპირებ თავზე ნაცრის ყრას. მე არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილება, არც რობაქიძეს თემასთან კავშირი არ მაქვს, დიდი ღორობაა, ამის დაბრალება პრეზიდენტზე.

 

სააკაშვილი ლაზიკაზე:

„ივანიშვილმა მიიღო შავი „მეტკა“ რუსეთისგან, რომ ლაზიკა არ უნდა აშენდეს, დამთავრდა. მისი თვალსაზრისით, საქართველო მისი საკუთრებაა. ამიტომ როცა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, საქართველო კარ-მიდამოდ გადააქცია, ივანიშვილის სოფლის ბოლოში ცხოვრობთ თქვენ ახლა. ლაზიკა საქართველოს სწრაფი განვითარების ყველაზე სწრაფი საშუალება. თითოეული ოჯახის სამჯერ, ოთხჯერ გამდიდრების სწრაფი საშუალება. იქ ხალხი იქნება მდიდარი, მაღალშემოსავლიანი”.

 

კრიმინალზე:

„დღესაც იგივეს ვიტყოდი მაშინდელზე – ყველანი ციხეში! დღეს კი უკვე სხვა სიტუაციაა. დღეს არსებობს ციხის ალტერნატიული საშუალება, საქართველოში ხალხს უჭირს, სოციალური პრობლემებია, ჩემთვის ჰუმანიზაცია სისტემაში მნიშვნელოვანია, კრიმინალის არდაშვება და პროფილაქტიკა მნიშვნელოვანია. ჩვენ დაგვაგვიანდა ლიბერალიზაცია. 2009-2010-ში ხელის მოჭერა უნდა გაგვეშვა. ციხეები უნდა იყოს ისეთი როგორც ნორვეგიაშია”.

 

ქართულ პოლიტიკაზე:

„ჩვენ ახლა ვართ დახურულ წრეში. ყოველ შემდეგ არჩევნებზე უფრო ნაკლები ამომრჩეველია და უფრო ღარიბია. როცა ამომრჩეველი უფრო ღარიბია, უფრო იაფად საყიდელია და ამ ფულს მერე უცებ იღებ. უნდა გავარღვიოთ ეს დახურული წრე. ყოველდღე უნდა ვცადოთ. ჩვენ თუ უბრალოდ ვთქვით, რომ 2020 წლის ოქტომბერს ველოდებით, ჰაერში აგვაგდებს და მოგვიგვარებს. იმიტომ რომ 2020-ში მთელი არტილერით მოემზადება. მას ლეგიტიმურობა არ აქვს”.

 

მიხეილ სააკაშვილი და დემოკრატია:

„ახლა სხვანაირად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ახლა უნდა შემოვიღოთ პირდაპირი ელექტრონული მმართველობა. ყველა მოქალაქე გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს ბელგიაში, რუსეთში… ეს უნდა იყოს მუდმივი, პარლამენტი თავის ფუნქციას პრაქტიკულად დაკარგავს. ახლა საჭიროა კონსერვაცია, იმისი, რაც ბოლომდე არ განადგურდა და ყველა საკითხზე საჭიროა ხალხის თანამონაწილეობა. უზენაესი სასამართლოს თავმჯომარეს ხალხი ელექტრონულად აირჩევს, გენ.პროკურატურას. მაგრამ ყველა დანარჩენი წევრი უნდა იყოს უცხოელი, ინგლისელი, ჰოლანდიელი. პარლამენტი უფრო რთულ კანონებზე იმუშავებს, მათ შორის ბიუჯეტზე, რაც ელექტრონულად ვერ გადაწყდება“.

 

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლაზე:

„თუ მექნება პლაცდარმი, რომ 72 საათი ვიყო თავისუფალი, ივანიშვილი აღარ იქნება. თუ მექნება საშუალება, რომ აეროპორტიდან „მატროსოვის“ ციხეში არ გადავუხვიო, ჩემს ბიბლიოთეკამდე მივაღწიო, სადაც 3 დღე ვიქნები, გარწმუნებთ, მშვიდობიანად დაემშვიდობება ხალხი ივანიშვილს. მე ვამზადებ ამას, ვმუშაობ სხვადასხვა ჯგუფთან, მათ შორის უცხოეთში. ივანიშვილს ეშინია დასავლეთის ბანკებში რომ ფულს გაუყინავენ, ეს არის მისი კოშმარული სიზმარი. სიზმარია, რომ პუტინი გაუბრაზდება, ყურებს აახევს და თავსაც მოაგლეჯს და მესამე – ეშინია ჩემი ჩასვლის და ქართველი ხალხის. მე ჩამოვალ ჩემს ვენახში, დავწურავ პირველ მოსავალს, მერე შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე. შეიძლება, არც არაფერი არ ვიყო და უბრალოდ კონსულტანტი ვიყო ახალგაზრდა, პერსპექტიულისაქართველოს მთავრობის, მუდმივად ფეისბუქზე ვიჯდე და ხალხს ვარწმუნებდე, რომ ამის გაკეთება კარგია და ხანდახან ხმას აძლევდნენ ჩემს ინიციატივებს”.

 

უკრაინის არჩევნებზე:

“მე ვაპირებ უკრაინში ჩავიდე, როგორც კი ზელენსკი მოიგებს. ჩემი შემდგომ გეგმები ყველაზე მეტად საქართველოს უკავშირდება. საქართველოა ჩემი მთავარი დღის წესრიგი. საქართველოს სახელმწიფოებრიობას ახლა ანადგურებენ, ეს არის, რომ შვილს გიკლავენ. შვილს გიკლავენ და სად რა უნდა შემოგთავაზონ, რომ სახლში არ დაბრუნდე და არ სცადო შვილის გადარჩენა. უკრაინაზე ვგიჟდები, აუცილებლად ჩავალ, მოქალაქეობას დავიბრუნებ მხოლოდ იმის გამო, მე მაქვს ჩემი სამოგზაურო დოკუმენტი, დავიღალე ყველა აეროპორტში რომ ლუპაში უყურებენ“.