აშშ-ში ნატოს საიუბილეო მინისტერიალზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შავ ზღვაში საქართველოსა და უკრაინის გაძლიერების პაკეტზე შეთანხმდნენ.
“ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ მნიშვნელოვან რეგიონზე“,- განაცხადა ნატოს გენერალრუმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ნატო-ს გემები უკრაინულ და ქართულ ხომალდებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობენ.
„შევათანხმეთ ღონისძიებათა პაკეტი სიტუაციაზე ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად და საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა, პორტებში ვიზიტები, სწავლებების ჩატარება და ინფორმაციის გაცვლა. ეს გააძლიერებს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. ახლა ნატო-ს ერთ-ერთი საზღვაო სამხედრო ჯგუფი შავ ზღვაში პატრულირებს. დღეს ის უკრაინულ და ქართულ გემებთან ერთად წვრთნას ატარებს. კვლავ ყურადღებით ვიქნებით ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონის მიმართ და ყოფნასაც გავაგრძელებთ,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
