LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: ვინც ჩემს შეცდომაზე ამახვილებს მთელ ყურადღებას იმან მთავარი ვერ გაიგო

სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ვიზიტთან და ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებასთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას …. იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!
გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!”

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის მიღებაზე 9 აპრილს დაღუპული გმირების ჩამოთვლისას 16 წლის თამარ ჭოველიძე გამორჩა. ჭოველიძის მამამ არკადი ჭოველიძემ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

ასევე, 9 აპრილის კიდევ ერთი გმირის ოჯახის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა არასწორად წაიკითხა ეკა ბეჟანიშვილის გვარი, ხოლო დედამისი პრეზიდენტის მიღებაზე საერთოდ არ დაპატიჟეს.