LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორალური უფლება არ მაქვს პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ ირგვლივაც ჩემნაირი ან უარესები არიან – ოქრუაშვილის გეგმები

ძალიან ბევრი მომისმენია საკუთარ თავზე კრიტიკული, თუმცა არა საქმიანი. საბოლოო ჯამში მიფიქრია მაინც, რომ ჩემნაირ ადამიანს მორალური უფლება არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ ირგვლივ რომ მიმოვიხედავ ხოლმე და პოლიტიკურ სპექტრს თვლას გადავავლებ, ან ყველა ჩემნაირია ან ჩემზე უარესი”- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის, რომლის ერთ-ერთი წევრიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია იქნება.

“დიდხანს ვფიქრობდი, უნდა დავბრუნებულიყავი თუ არა პოლიტიკაში. ერთი მარტივი დასკვნის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. ცხოვრების ასე გაგრძელება შეუძლებელია. თუ მე არ მიჭირს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვას ულხინს. ყველას ერთად გვიჭირს. ყველას გვავალდებულებს, რომ ჩვენს სანათესავოში, საახლობლოში, უბანში, ქალაქში, სოფელში, სადაც ვცხოვრობთ ყველამ ამოვიღოთ ხმა რაც ხდება”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ამასთან, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მოახლოებულ საარჩევნო ციკლში არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს.

ის მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ყველაზე რეალური პრედენდენტი  თავად ივანიშვილია: “ის დამარცხდება თავისი სისულელეების კეთების შედეგად. ეს არის ჩემი დასკვნა” – თქვა ოქრუაშვილმა

ის საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ოცნებამ” ხალხის ხმები იყიდა და მოიპარა. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, თუ ბიძინა ივანიშვილი 2020-ის არჩევნებში ისევ იგივე მეთოდს მიმართავს, ეს არ შერჩება არც ივანიშვილს და არც მის კოალიციას.

„ივანიშვილის მთავარი პრობლემა, ისევე როგორც სააკაშვილის, ის არის, რომ მათ პოლიტიკური სპექტრი სრულიად შეზღუდეს, დაკეტეს კარები და კონკურენციის საშუალება არ მისცეს პოლიტიკურ პარტიებს. გაიხსნება კარები ნებაყოფლობით ? კი, ბატონო. არ გაიხსნება? მაშინ მას ძალით გავაღებთ. გამოცდილება ამის საშუალებას გვაძლევს”,- განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში”.