LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედა 12 წლის შვილს პორნოფოტოებს უღებდა და ყიდდა – ტრეფიკინგის შემზარავი ისტორიები

12 წლის გოგონას დედა პორნოგრაფიულ ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი ინტერნეტით ისრაელში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ უგზავნიდა. მამაკაცი სამი ქვეყნის მიერ იყო ძებნილი, რომელსაც ინტერპოლით მიაგნეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლინეს ტრეფინკის შემთხვევა.

ეს ისტორია რამდენიმე წლის წინ მოხდა და არასრუწლოვანთა ტრეფიკინგის ერთ-ერთი მძიმე ფაქტია. თბილისის ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში დეტალურ ინფორმაციას კონფიდენციალურობის მიზეზით არ გვაწვდიან, თუმცა ამბობენ, რომ სექსუალური ხასიათის გარდა, ტრეფიკინგის სხვა შემთხვევებიც ახსოვთ, მათ შორის: ჩვილებით ვაჭრობა და მშობლების მიერ შვილების ქუჩაში მათხოვრად გაშვება. ყველა ასეთ შემთხვევაზე გამოძიება მშობლების დაკავებით დასრულდა.

რადიო „ფორტუნამ“ მოიძია ინფორმაცია, რომ ქართველი ქალები და გოგონები ხშირად იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, კერძოდ კი, თურქეთში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში საქართველოს ნაწილზე წერს, რომ სექსუალურის გარდა, ხშირია, იძულებითი შრომის შემთხვევები. ანგარიშში საქართველო სატრანზიტო ქვეყნადაა დასახელებული, რომელსაც ცენტრალური აზიიდან თურქეთში ქალთა ექსპლუატაციისთვის იყენებენ.

 

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად ხშირია ქვეყანაში ტრეფიკინგის შემთხვევები და რას აკეთებს სახელმწიფო დაზარალებულთა დასახმარებლად.

თბილისის ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსმა თამილა სანიკიძემ „ფორტუნას“ განუცხადა, რომ ზოგადად ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენა რთულია. მისი თქმით, ერთია, რომ ბავშვებს ვინმე აიძულებს მათხოვრობას ან რაიმე სახის ქმედებას და მეორეა, როცა ბავშვი საკუთარი სურვილით მათხოვრობს. სანიკიძე გვიყვება, რომ ჰქონდათ შემთხვევა, როცა გოგონას დედა სკოლაში უშვებდა და ბავშვი ტკბილეულისთვის ფულის შესაგროვებლად ქუჩაში მათხოვრობდა. თავშესაფრის უფროსი ამბობს, რომ დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

„ყოფილა ჩვილების ვაჭრობის, ყიდვა-გაყიდვის არაერთ შემთხვევა. ასეთი ინფორმაციები სახელმწიფო ფონდამდე, ცენტრებამდე არ მიდის, რადგან ჩვილი გადაჰყავს სოციალური მომსახურების სააგენტოს და იწყება გამოძიება. ასეთ დროს დანაშაულში ორივე მხარე მონაწილეობს: მყიდველიც და გამყიდველიც. ჯაჭვურადაა ყველაფერი გადაბმული. ოჯახს, რომელსაც შვილი უნდა, შვილად აყვანა კი გართულებულია, უღირს, რომ თანხა გადაიხადოს. ცხადია, ეს საკითხი ცალკე პრობლემაა. ზოგადად ქვეყანაში სოციალური ფონი არის მძიმე. აქედან მოდის ეს პრობლემები, რომ მშობელი, რომელიც აჩენს შვილს, არ აქვს მის გასაზრდელად საჭირო ფული და ბავშვს ჰყიდის“, – აცხადებს სანიკიძე.

ტრეფიკინგის მხვერპლთა დაცვისა და დახმარების თბილისის თავშესაფრის უფროსი ამბობს, რომ ტრეფიკინგის მიზეზი ხშირად იყო ხოლმე ძალადობა.
„როდესაც ქალი მძიმე მდგომარეობაშია და თავის დაღწევის მიზნით მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ის დაუფიქრებლად თანხმდება ყველა პირობას. ამით ფინანსურ მდგომარეობას იუმჯობესებს და თან ძალადობისგან განრიდება ხდება. როცა ეს პროლემები აქვთ, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საკუთარ უსაფრთხოებას“, – ამბობს თავშესაფრის უფროსი.

მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოებაც გააქტიურდეს და დაინტერესდეს, რატომ დგას მაგ. მის სახლთან ბავშვი, რომელიც რაღაცას ჰყიდის ან მათხოვრობს. სანიკიძე განმარტავს, რომ მოქალაქეებმა მინიმუმ სოციალური მომსახურების სამსახური და საპატრულო პოლიცია უნდა ჩართონ ამ საქმეში.

რადიო „ფორტუნა“ იურისტსაც დაუკავშირდა, რომელიც სახელმწიფო ფონდის შემთხვევებს პირადად იცნობს. ირაკლი ჭყოიძე აცხადებს, რომ ტრეფიკინგი, ზოგადად, რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია, იმდენად ფარულად ხდება. მისივე თქმით, ასეთ დანაშაულზე ვერავინ იტყვის, შემცირდა თუ მოიმატა. „ფაქტები ნებისმიერ დროს შეიძლება დაფიქსირდეს, სტატისტიკა არც ისე მაღალია, მაგრამ ყოველდღე შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს“, – აცხადებს ჭყოიძე.

 

რაც შეეხება სერვისებს, ტრეფიკინგთან ბრძოლის ფონდი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ია, ყველა დაზარალებულსა თუ მსხვერპლს მისთვის საჭირო მომსახურებას უწევს.

ირაკლი ჭყოიძე: „ეს არის ფსიქოლოგიური დახმარება, რომ მოხდეს მათი მოძლიერება და საზოგადოებაში დაბრუნება. ასევე სამედიცინო მომსახურება, რადგან დაზარალებულს შეიძლება გარკვეული დაზიანებები ჰქონდეს, ასევე სამართლებრივი მომსახურება და ბინადრობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებასაც ფონდი საკუთარ თავზე იღებს“.

იურისტის განმარტებით, დაზარალებულის ან მსხვერპლის დახმარების შემდეგ, მის მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში აკვირდებიან და მასთან კონტაქტზე რჩებიან.

 

რადიო „ფორტუნამ“ სპეციალისტებს რჩევები ჰკითხა, რა უნდა იცოდეთ, რომ უნებურად ტრეფიკინგის მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ.

  • არ გასცეთ პირადი ინფორმაცია
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ დასაქმებისას, განსაკუთრებით, როცა ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმებას ეხება
  • აუცილებლად მოითხოვეთ ხელშეკრულების პირობების ნახვა
  • თუ ხელშეკრულება უცხო (მაგ. თურქულ ენაზეა) მოითხოვეთ თარჯიმანი, ან მიიყვანეთ მეგობარი, რომელიც თარგმნაში დაგეხმარებათ.

ეს ის ძირითადი რეკომენდაციებია, რომელიც სპეციალისტებმა მოგვაწოდეს და აღნიშნეს, რომ საკმაოდ ხშირი სწორედ იძულებითი შრომაა. ამიტომ ეს პირობები ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მით უმეტეს, როდესაც ისინი სოციალური ფონის გამო სამუშაოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიდიან.

დღევანდელ მსოფლიოში ტრეფიკინგი მრავალ მილიარდიანი კრიმინალური ინდუსტრიაა. ამ მხრივ ადამიანთა უფლებებს კი ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და სირია არღვევენ.