LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალად არასრულწლოვნებით ვაჭრობა ედება

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებითაა დაკავებული.  დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული ქუთაისის  საავადმყოფოში დააკავეს. შსს-ს განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ის შესაძლოა არ იყოს მცირეწლოვანი ბავშვების დედა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ჰყავდა ისინი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

10 ბავშვის საქმეზე დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა

ოთხი ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული, რამაც ეჭვი გააჩინა.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში)”, – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.