რუს ბაიკერებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ლარსის გამშვები პუნქტიდან ცდილობდნენ, ქართულმა მხარემ უკან გააბრუნა. შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ამ შემთხვევაში უცხოელთა შესახებ და მოქალაქეობის არმქონე პირთა კანონის მე-11 მუხლით იხელმძღვანელეს.
ამასთან, Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ნაცნობები წერენ, რომ 27 აპრილიდან საქართველომ საზღვარი ჩაკეტა რუსეთიდან ჩამოსული მოტოციკლისტებისთვის მაისის დღესასწაულების პერიოდში. გვაბრუნებენ ოფიციალური უარით“, – წერს ლევიევი, რომელიც ამავდროულად უარის დოკუმენტის ფოტოს აქვეყნებს.

აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია: „საქართველოში ვიზის მიღების/საქართველოში შემოსვლის მსურველი უცხოელი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნების და მგზავრობის მიზნის შესახებ“.
