LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ იწყება

2019 წლის 2 მაისს თბილისი უკრაინული კინოს დღეების საზეიმო გახსნას უმასპინძლებს. ფესტივალის “უკრაინა ფოკუსში” ფარგლებში თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 2-დან 5 მაისამდე შედგება.

ფესტივალი 2 მაისს, 20:00 საათზე, რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018) ჩვენებით გაიხსნება, 3-5 მაისს კი წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ვოლოდიმერ ტიხი, 2017 წელი), “ვულკანი” (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ტომან ბონდარჩუკი, 2018 წელი), კინოკომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, „როცა ხეები ეცემა“ (რეჟისორი მარუსია ნიკიტიუკი).

4 მაისს, 19:00 საათზე, “უკრაინა ფოკუსში” მაყურებელს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმები ბავშვთა აუდიტორიისათვის – „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

მთავარი პროგრამის პარალელურად გაიმართება ვორქშოპი ბავშვებისთვის სამსახიობო ხელოვნების შესახებ, რომელსაც გაუძღვებიან ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკაია და დარია პოლუნინა. ღონისძიება გაიმართება 4 მაიის, 14:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში”.