“არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს, ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმის კითხვას, რას ფიქრობს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.
“არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან.
ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს:- თქვა ზურაბიშვილმა
“ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსეთან ურთიერთობის სამომავლო გეგმებზეც დაუსვა შეკითხვა.
კითხვაზე აპირებს თუ ის რუსეთთან დიალოგს? სალომე ზურაბიშვილი ასე პასუხობს:
“თეორიულად, როცა საქართველოს მსგავსი ქვეყანა აცხადებს, რომ არანაირ ძალას არ გამოიყენებს, სამხედრო ძალას არ გამოიყენებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადასაჭრელად, ცხადია, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი გრჩება და ეს დიპლომატიაა. ამ ეტაპზე სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს. ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გვაჩვენებს, რომ მზადაა ჩვენთან ძალისმიერი მეთოდის გარდა სხვა ფორმით იურთიერთოს.
ამ ეტაპზე, ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით ჩვენს პარტნიორებს, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჩემპიონები და რუსეთთან ორმხრივი შეხვედრების დროს შეახსენონ, სთხოვონ, მოსთხოვონ რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა. ამიტომაც ვსაუბრობ ჟენევის ფორმატზე და ამას ვაკეთებთ ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენს პარტნიორებთან.
რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია დღეს არ შეიცვლება, მაგრამ ერთ დღეს ამან შედეგი შეიძლება გამოიღოს. ასე რომ, ჩვენ არც რუსეთს და არც ჩვენს პარტნიორებს საშუალება არ უნდა მივცეთ დაივიწყონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.
მნიშვნელოვანი ისაა და ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, გრძელდება უწყვეტი ზეწოლა, ადამიანების გატაცებები, ჰუმანიტარული ზეწოლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს სიტუაცია რუსეთისთვის გამარჯვება მაინც არ არის. ეს იმიტომ, რომ საქართველო აგრძელებს ევორკავშირისა და ნატოსკენ სვლას. ვფიქრობ, რუსეთის საბოლოო მიზანი სწორედ ეს იყო, რომ გავლენა მოეხდინა საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვაზე. ამ შემთხვევაში გამარჯვება საქართველოსია და არა რუსეთის. რუსეთს არ აქვს საქართველოზე ვეტო და არც არასოდეს ექნება”- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი
