“სიტყვის თავისუფლება რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ”, —ასე მიმართა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში რუსთავი 2-ის ჟურნალისტს.
სოზარ სუბარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ წამოწყებულ ახალ დავას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, “რასაც ტელეეთერიდან გინებაც ადასტურებს”.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, სიმართლის რცხვენიათ თუ არა, სუბარმა მას უპასუხა:
“თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს”.
მისივე თქმით, სასამართლოში გაირკვევა, “სად არის სიმართლე და როგორ არის სიმართლე”.
”თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, ან ვისაც აქვს სურვილი, მფლობელს, 9%-ის იქნება, თუ რამდენისაც არის, აუკრძალოს სასამართლოში ჩივილი თავისი ინტერესების დასაცავად, ჩვენ ეს ადამიანები არ ვართ. ასე შეიძლება იქცეოდა წინა ხელისუფლება, იმის წინაც, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ადამიანი ჩივის სასამართლოში, სასამართლოში გაირკვევა, სად არის სიმართლე და როგორ არის სიმართლე.
სიტყვის თავისუფლება რომ გარანტირებულია, თქვენც კარგად ხედავთ, რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ. არაუშავს. თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის წილის ცხრა პროცენტის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისგან 26 მილიონს ითხოვს. ის ამბობს, რომ სარჩელით ნიჟარაძემ სასამართლოს მიმართა.
გვარამია ამ ყველაფერს ტელევიზიაზე შეტევის ახალ ფაზად აფასებს.
