LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვისი ომი თუ სამშობლოს დაცვა – რას შეეწირა ასი ათასობით ქართველი?

ომში წასული 750 ათასამდე ქართველი, 300 ათასი დაღუპული, ათასობით დასახიჩრებული და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით საქართველოში დაბრუნებულები – ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შედეგი, რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას და დემოგრაფიული მდგომარეობაც გააუარესა. რას შეეწირა ასი ათასობით ქართველი: ეს იყო საბჭოთა პროპაგანდის შედეგად ჩამოყალიბებული იდეოლოგია თუ გულწრფელი ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, სად იბრძოდა საქართველო 74 წლის წინ, სხვის ომში თუ საკუთარი ტერიტორიებისთვის და სად ვართ ახლა? რადიო „ფორტუნა“ ისტორიკოსებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

 

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი: „ეს ნამდვილად სხვისი ომი იყო, თუმცა იძულებით წასულების გარდა, მათ შორის იყვნენ მოხალისეებიც. ჩვენს ისტორიაში ძალიან ხშირად ხდებოდა, როდესაც კონკრეტულად საქართველოს გადაწყვეტილება არ იყო, მიეღო თუ არა ომში მონაწილეობა. ამ შემთხვევაშიც, საქართველო იმპერიის ნაწილი იყო და ამ ომში იბრძოდა, როგორც საბჭოთა იმპერიის ნაწილი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი უამრავი ომია, სადაც სხვების მიზნებისთვის ვიბრძოდით. ასი ათასობით ქართველი ამ ომში დაიღუპა და დასახიჩრდა. ამ ადამიანების პატივისცემაც არის, რომ ჩვენ ისე როგორც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, აღვნიშნავთ ამ ომის დასასრულს. ამიტომ ჩემთვის მისაღებია, თუნდაც ამ ადამიანების პატივისცემის გამო, დაღუპულებისა და დასახიჩრებულების გამო, ომის მონაწილეების საპატივსაცემოდ ეს დღე აღინიშნებოდეს“.

 

ლაშა ბაქრაძემ „ფორტუნასთან“ საქართველოს ისტორია გაიხსენა, როდესაც ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ომში მონაწილეობას მხოლოდ იმიტომ იღებდა, რომ იმ დროს საქართველო სპარსეთის ან ოსმალეთის მოყმე იყო.

„საქართველო რომ დამოუკიდებელი დარჩენილიყო მეორე მსოფლიო ომში, მერე რა იქნებოდა, ასეთი რამ ისტორიაში „არ მოსულა“. ფაქტია, რომ მივიღეთ მონაწილეობა, როგორც საბჭოთა იმპერიის ნაწილმა. ასეთი მაგალითები ისტორიაში ბევრია, ხან მონღოლებთან ერთად ვიღებდით მათ ომში მონაწილეობას, ხან სპარსელებთან. მაგალითად, გიორგი XI-ის დროს, საქართველო ავღანეთის ომში მონაწილეობდა, როგორც სპარსეთის მოყმე ქვეყანა. მაშინაც ვიყავით დამოკიდებული დიდ სახელმწიფოებზე. ჩვენი ისტორია, რაც არ უნდა არ გვინდოდეს, ეს არის კოლონიური ისტორია, ყოველთვის განვიციდით ოსმალეთის, სპარსეთის, რუსეთის იმპერიის, მონღოლების გავლენებს და ამ იმპერიების ან ნაწილი ვიყავთ ან მათზე დამოკიდებული“, – აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

შეიძლება თუ არა დღევანდელობასთან პარალელის გავლება და იმის თქმა, რომ დღესაც თუნდაც ავღანეთის ომში ბრძოლა სხვის ომში მონაწილეობას ნიშნავს, ამ კითხვაზე ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ახლა განსხვავებული სიტუაციაა.

ლაშა ბაქრაძე: „ამ შემთხვევაში საქართველო კოალიციის ნაწილის სახით იღებს მონაწილეობს, მაგრამ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია. ამით ვაჩვენებთ, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად გარანტები ვართ ავღანეთში სტაბილურობის. პარალელს ვერ გავავლებთ ამ შემთხვევაში. ადრე იყო, როგორც სპარსეთის ყმები ვიღებდით მონაწილეობას და ახლა სხვა სიტუაციაა. დღეს ავღანეთში შეიძლება ვთქვათ, რომ იძულება არ არის, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას შეგნებულად გრძელვადიანი მიზნებისთვის. საბჭოთა დროს არც მორალურად არ იყო გამართლებული ის ომი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს იქ საბჭოთა კვაშირისთვის სასურველი რეჟიმის დამყარება სურდა“.

 

რადიო „ფორტუნა“ თორნიკე შარაშენიძესაც დაუკავშირდა – ექსპერტსა და ისტორიკოსს, რომელიც ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომს ვერ გადავურჩებოდით და ამის შანსი არ გვქონდა.

თორნიკე შარაშენიძე: „მაშინ პატარა სახელმწიფოებს მცირე შანსი ჰქონდათ დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ. ორი სასტიკი რეჟიმი იყო, გერმანიის და საბჭოთა რეჟიმი. კარგს თუ დავინახავთ ისაა, რომ ერთი სასტიკი რეჟიმის დამარცხებაში ქართველებმა წვლილი შეიტანეს. ცუდი ისაა, რომ ჩვენ მეორე სასტიკი რეჟიმის მხარეს ვიბრძოდით. მარტივი შეფასება არ არსებობს. ისტორია ასე მარტივი არაა, რომ ან ცუდია, ან კარგი. ფაქტია, რომ მსოფლიო ომს გვერდს ვერავინ აუვლიდა. ძალიან ცოტა ქვეყანა იყო ასეთი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური სახელმწიფოები, ისინიც ძლივს გადაურჩნენ, ჩვენ ამის საერთოდ არანაირი შანსი არ გვქონდა“.

ექსპერტი ამბობს, რომ პოლიტიკურ შედეგებზე საუბარი რთულია. რა მოხდებოდა, გერმანიას რომ გაემარჯვა, ან რამდენად შეინარჩუნებდა საქართველო იმ მცირე ავტონომიას, რაც ჰქონდა, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.

„მეორეს მხრივ, ჰიტლერის გარდაცვალების შემდეგ, შეიძლება გერმანია უფრო ცივილური სახელმწიფო გამხდარიყო და მერე საქართველოსაც ამოესუნთქა რაიხის შემადგენლობაში, მაგრამ ამაზე საუბარი რთულია და სპეკულაციებია. რაც შეეხება მოსაზრებებს, რომ ჰიტლერი საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ეს რამდენად სერიოზულია, როცა ჰიტლერი არასდროს ასრულებდა დაპირებებს. მას სჭირდებოდა ქართველები ჯარში, რათა შეექმნა პრეცედენტი, რომ აი, ჩემს მხარეზეც იბრძვიან და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ერთგულები არ არიან. თუ ჰიტლერი მოიგებდა ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას აჩუქებდაო ვინც ამბობს – ასე მარტივი არაა. მეორე უკიდურესობაში ნუ გადავალთ, სტალინისა და საბჭოთა კავშირის ჯიბრზე ნუ გადავვრდებით უკიდურესობაში, რომ ფაშიზმის იმედი უნდა გვქონოდა რამეში“.

რაც შეეხება საქართველოს თანამედროვე რეალობას და ავღანეთის ომში მონაწილეობას, შარაშენიძე ამბობს, რომ ახლა ამ ომში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

თორნიკე შარაშენიძე: „მთავარი აქ ისაა, რომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა დღის წესრიგში 2008 წლის ომის შემდეგ დადგა, როცა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ჩიხში შევიდა, ავღანეთში ჩართვამ კი ეს პროცესი ისევ დაძრა და ჩვენი თავი გაახსენა მოკავშირეებს“.

 

მეორე მსოფლიო ომში ქართველები რეალურად ორივე სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ისტორია ისე წარიმართა, რომ გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართველებისთვის 9 მაისი დამარცხების დღედ დარჩა, წითელარმიელი ქართველებისთვის კი ეს გამარჯვების დღეა.