LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WIZZ Air-მა რეისები ერთი თვით გადადო

დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია WIZZ Air-ი ქუთაისიდან 6 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების ახალ თარიღს ასახელებს. ავიამიმოსვლა შემდეგი ქალაქების მიმართულებით: ეინდჰოვენი, ტალინი, ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბარი, ბაზელი – 1 აგვისტოს ნაცვლად 10 სექტემბრიდან დაიწყება.

ახალი მიმართულებებით ფრენების დაწყების გადავადების მიზეზად WIZZ Air საოპერაციო შეფერხებებს ასახელებს.

„საოპერაციო შეფერხების გამო, მესამე ბაზირებული თვითმფრინავის დამატება დანიშნული პირველი აგვისტოს ნაცვლად, 2019 წლის 10 სექტემბრიდან მოხდება, იმავე დღეს დაიწყება რეისების შესრულებაც. მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ ექვსი მიმართულებით 1 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე თარიღებში, WIZZ Air დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ცვლილებების შესახებ. კომპანია მათ ბილეთის თანხის 100%-ით ანაზღაურებას, ბილეთის გადაცვლას (იმავე მიმართულებით სხვა თარიღებზე ან ნებისმიერი სხვა არჩეული მიმართულებით) ან WIZZ კრედიტზე გადახდილი ბილეთის საფასურის 120%-ით ანაზღაურებას სთავაზობს.

? მგზავრებს საქართველოდან, რომლებმაც ბილეთები ვებგვერდზე wizzair.com, ან მობილური აპლიკაციით შეიძინეს, ონლაინ პლატფორმების გარდა, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლიენტთა მომსახურების სერვისს ნომერზე +995 706 777 037 და განახორციელონ ცვლილებები.

? მგზავრები, რომლებმაც ბილეთები ტურისტული სააგენტოების მეშვეობით შეიძინეს, უნდა დაუკავშირდნენ ამავე სააგენტოებს დროის ან მიმართულების შესაცვლელად”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

შეგახსენებთ, WIZZ Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან დაფრინავს.