LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორცისა და რძის წარმოებაში უსაფრთხოების ახალი სტანდარტები ინერგება

ქართულ-ამერიკული პროექტი და სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტები – დღეს თბილისში ორმა ქვეყანამ 5 წლიანი თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, რაც კონკრეტულად, რძისა და ხორცის დარგში ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან,  Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით პროგრამაშიჩართულ 54 ათასზე მეტ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ. მათ შორის: ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.

5-წლიანი პროექტის – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“ წარდგენა დღეს სასტუმრო „რუმსში“ გამართა.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და მოსალოდნელი ბიუჯეტია 14.5 მილიონი დოლარი.

„დიდი მოლოდინია, რომ პროექტის ფარგლებში, მოხდეს მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში ჩართული მეწარმეების უნარების გაძლიერება, რათა მათ  საწარმოებში სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების გაუმჯობესება მოახდინონ. გააქტიურდება თანამშრომლობა ინდუსტრიულ ასოციაციებთან, რეფორმებთან შესაბამისი სტანდარტების შემუშავების პროცესში. ასევე, ასოციაციების ჩართულობის გაზრდა მთავრობასთან ფერმერთა ინტერესების ადვოკატირების საქმეში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.